გერმანული ავტომწარმოებლის, Mercedes-Benz-ის მიერ გამოქვეყნებული მესამე კვარტალის ანგარიშის თანახმად, კომპანიის ძირითადი ბიზნესის მოგება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 64%-ითაა შემცირებული. ანალიტიკოსთა შეფასებით, მაჩვენებლის კლება ჩინელი მომხმარებლების მხრიდან, ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ვარდნას უკავშირდება.
მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Mercedes-ის აქციების ღირებულება 1.8%-ით დაეცა. გერმანული ავტომწარმოებლის CFO-ს, ჰარალდ ვილჰელმის განცხადებით, Q3-ის მონაცემები „არ აკმაყოფილებს მათ ამბიციებს“ და ჯგუფი, ხარჯების შემცირებას კვლავ განაგრძობს.
Mercedes-ის განმარტებით, ივლის-სექტემბრის შედეგებზე აისახა მოდელების განახლების ხარჯებიც, მათ შორის G-Class SUV-ის, რომელსაც კომპანია შემდეგ კვარტალში წარადგენს. გერმანული ავტომწარმოებელი, გასულ წელთან შედარებით, ავტომობილების წლიური გაყიდვების მცირედით ვარდნას პროგნოზირებს.
ავტომობილების გაყიდვიდან შემოსავლების ვარდნის მიუხედავად, კომპანიისთვის ინდუსტრიული ბიზნესიდან მიღებული ფულადი ნაკადები, წლიურ ჭრილში 2%-ით, 2.39 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. კორექტირებული მოგება (EBIT) 1.2 მილიარდ ევრომდე შემცირდა.
Mercedes-Benz-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კელენიუსის განცხადებით, ჩინეთში, ეკონომიკური სისუსტე და ლოკალური უძრავი ქონების კრიზისი, გაურკვეველ ვითარებას ქმნის მომხმარებლებისთვის. არსებული მდგომარეობა ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ვარდნაშიც გამოიხატება. აქედან გამომდინარე, Mercedes-მა წლიური მოგების მარჟის სამიზნე უკვე მეორედ შეამცირა.