გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და პრორუსული სოციალისტური პარტიის ლიდერი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო იღებდნენ.
საარჩევნო უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, მაია სანდუ დაწინაურდა და შეიძლება ითქვას, საბოლოო გამარჯვებაც გაიფორმა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაია სანდუმ ხმათა 54.35% მიიღო. თუმცა, საინტერესოა, რომ რამდენიმე საათით ადრე უპირატესობას ალექსანდრ სტოიანოგლო ფლობდა. უცხოური საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ კი პირველობა მოქმედმა პრეზიდენტმა დაიბრუნა. მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 300,000-მდე ემიგრანტი იღებდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის შიგნით ალექსანდრ სტოიანოგლოს მხარდაჭერა უფრო მაღალია. ქვეყნის შიგნით მიღებული ხმების გადანაწილება სტოიანოგლოსა და სანდუს შორის შემდეგნაირია: 51.2% – 48.8%.
საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმშიც პროევროპულმა არჩევანმა სწორედ ემიგრანტების ჩართულობით გაიმარჯვა. მაშინ გადამწყვეტი 13,000 ხმა აღმოჩნდა და ქვეყნის პროევროპული კურსის გაგრძელებას მხარი მოსახლეობის 51%-მა დაუჭირა.
საგულისხმოა, რომ სანდუს გამარჯვების მიუხედავად, ქვეყანაში პრორუსულ პარტიებსაც დიდი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
მაია სანდუ არჩევნების პირველ ტურამდე და მის შემდეგ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე აქტიურად საუბრობდა. მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული ბრალდებით რამდენიმე პირიც დააკავა, რომელთაც 100,000-მდე ხმის გაყალბება ედებათ ბრალად.