ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფირმა Berkshire Hathaway-მ მესამე კვარტალში Apple-ის დამატებით 100 მილიონი აქცია გაყიდა. საკუთარ პორტფელში არსებული Apple-ის აქციების 25%-ის გაყიდვით კი ნაღდი ფულის მოცულობა $325 მილიარდამდე გაზარდა.
2024 წელს Berkshire Hathaway-მ ჯამში Apple-ის 600 მილიონი აქცია გაყიდა, პორტფელში კი მხოლოდ 300 მილიონი ერთეული დარჩა, რომელთა ღირებულებაც $69.9 მილიარდს შეადგენს.
მესამე კვარტალში Berkshire Hathaway-მ $36.1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა და მხოლოდ $1.5 მილიარდის შეისყიდა. გაყიდულ აქციებს შორის Apple-ის გარდა Bank of America-ს აქციებიცაა. უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია უკვე ზედიზედ მერვე კვარტალია, რაც იმაზე მეტ აქციებს ასხვისებს, ვიდრე ყიდულობს. შედეგად კი ფირმას დიდი მოცულობით ნაღდი ფული დაუგროვდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს Berkshire Hathaway-ის „ა“ კლასის აქციათა ფასი 25%-ითაა გაზრდილი. შედარებისთვის S&P 500-ის ზრდა წელს 20%-ია. მიუხედავად ამისა, მესამე კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება 6%-ით, $10.09 მილიარდამდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულზე დაბალი მაჩვენებელია. სანაცვლოდ, წმინდა შემოსავალმა $26.25 მილიარდი შეადგინა.