აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მიმდინარე მონაცემებით, არჩევნებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მას ამჟამად კოლეგიის 247 ხმა აქვს, კალამა ჰარისს კი – 214. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად კანდიდატმა 270 ხმა უნდა დააგროვოს.
ცნობისთვის, ხმების რაოდენობა აშშ-ის შტატების სიდიდით არის განაწილებული. მაგალითად, ლუიზიანის შტატის მოგების გამო დონალდ ტრამპმა კოლეგიის 8 ხმა დაიმსახურა, კოლორადოს შტატის მოგებით კი ჰარისმა 10 ხმა მიიღო და ასე შემდეგ.
როგორც მოსალოდნელი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე უდიდესი გავლენა მერყევმა შტატებმა მოახდინეს, რომელთა უმეტესობაშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ჯერჯერობით საბოლოო შედეგი არ გამოქვეყნებულა პენსილვანიის შტატიდან, რომელსაც 16 ხმა აქვს. თუმცა ამ შტატში ხმების 94% უკვე დათვლილია და დონალდ ტრამპი დაახლოებით 200,000 ხმით იგებს. პენსილვანიის შტატის ხმების მოპოვების შემთხვევაში ტრამპის შედეგი 263 გახდება, რაც მას არჩევნებში გამარჯვებას თითქმის გაუნაღდებს.
მერყევ შტატებს არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი წარმოადგენს. ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალურად მოიგო. დანარჩენ მერყევ შტატებში ჯერ ხმები საბოლოოდ არ დათვლილა, თუმცა ყველა მათგანში ტრამპი ლიდერობს.