ბოლო წლის განმავლობაში კაკაოს მოსავლის შემცირების გამო, მისი ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2024 წელს ერთი მეტრული ტონა კაკაოს ღირებულებამ $10,000-ს მიაღწია, რამაც, ბუნებრივად, შოკოლადის ფასიც გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს მოსავლის უდიდესი ნაწილი დასავლეთ აფრიკის რეგიონში მოდის, შოკოლადის წარმოების ინდუსტრია ევროპაშია კონცენტრირებული. შოკოლადის წარმოებაში ისეთი კომპანიები დომინირებენ, როგორებიცაა Mars-ი, Mondelez-ი, Nestle და სხვა. კაკაოს გაძვირების გამო კი აღნიშნული კომპანიები მოთხოვნას მიწოდებით ვერ აკმაყოფილებენ, რის გამოც თავად შოკოლადის ფასებიც იზრდება. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, საიდანაც შოკოლადი ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით გადის. მონაცემები დაფუძნებულია Observatory of Economic Complexity-ის კვლევაზე.
მსოფლიოში შოკოლადის 200-ზე მეტი მსხვილი მწარმოებელია. 2022 წლის მონაცემებით, შოკოლადის ექსპორტით გერმანია ლიდერობს, საიდანაც ყოველწლიურად საშუალოდ $5.6 მილიარდის პროდუქტი გადის ექსპორტზე. გერმანიაში ისეთი მწარმოებლები გვხვდებიან, როგორებიცაა Ferrero, Mondelez-ი, Ritter Sport-ი და Mars-ი.
რეიტინგში მეორე ადგილს ბელგია იკავებს, სადაც შოკოლადის მსოფლიოში უდიდესი საწარმო, Barry Callebaut-ი ფუნქციონირებს. აღნიშნული ქარხანა ყოველწლიურად 260,000 მეგატონა შოკოლადს აწარმოებს. გარდა ამ უკანასკნელისა, ბელგიაში ოპერირებს Cargill-ი და Puratos-იც. ბელგიაზე გლობალური ექსპორტის 9% მოდის.
რეიტინგის მესამე პოზიციას 7.3%-იანი გლობალური წილით იტალია იკავებს, საიდანაც Nutella-ს, Ferrero Rocher-ისა და Kinder-ის ბრენდების ექსპორტი ხორციელდება. 2022 წლის მონაცემებით, იტალიიდან $2.5 მილიარდის ღირებულების შოკოლადის ექსპორტი განხორციელდა.
დარგის ექსპერტები კაკაოს ფასების ზრდისა და მიწოდების შემცირების გათვალისწინებით, 2024 წელს შოკოლადის გლობალური წარმოების 12%-ით კლებას მოელიან.
რეიტინგი | ქვეყანა | წილი გლობალურ ექსპორტში | ღირებულება |
1 | გერმანია | 16.7% | $5.6 მილიარდი |
2 | ბელგია | 9.0% | $3.0 მილიარდი |
3 | იტალია | 7.3% | $2.5 მილიარდი |
4 | პოლონეთი | 7.1% | $2.4 მილიარდი |
5 | ნიდერლანდები | 6.3% | $2.1 მილიარდი |
6 | კანადა | 5.9% | $2.0 მილიარდი |
7 | აშშ | 5.1% | $1.7 მილიარდი |
8 | საფრანგეთი | 4.3% | $1.5 მილიარდი |
9 | დიდი ბრიტანეთი | 3.0% | $1.0 მილიარდი |
10 | შვეიცარია | 2.7% | $0.9 მილიარდი |
11 | თურქეთი | 2.5% | $0.9 მილიარდი |
12 | ესპანეთი | 1.9% | $0.6 მილიარდი |
13 | რუსეთი | 1.8% | $0.6 მილიარდი |
14 | ავსტრია | 1.7% | $0.6 მილიარდი |
15 | შვედეთი | 1.3% | $0.4 მილიარდი |
16 | ჩინეთი | 1.2% | $0.4 მილიარდი |
17 | მალაიზია | 1.1% | $0.4 მილიარდი |
18 | ირლანდია | 1.0% | $0.3 მილიარდი |
19 | ბულგარეთი | 0.8% | $0.3 მილიარდი |
20 | ხორვატია | 0.7% | $0.2 მილიარდი |
დანარჩენი მსოფლიო | 18.7% | $6.3 მილიარდი |