TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება $300 მილიარდამდე გაიზარდა

TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება $300 მილიარდამდე გაიზარდა

მედიასააგენტო Reuters-ისთვის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინვესტორებთან მოლაპარაკებებისას ByteDance-ი საკუთარ ღირებულებას $300 მილიარდად აფასებს. TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ინვესტორებთან მოლაპარაკებებს გასულ კვირას აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი აქციის ღირებულება ByteDance-მა $180.70-ად შეაფასა.

კომპანიის ღირებულების აღნიშნული შეფასება 12%-ით აღემატება წინა საინვესტიციო რაუნდის დროს კომპანიის ღირებულებას, რომელიც ერთ აქციაზე $160-ს წარმოადგენდა. კომპანიის ახალი ღირებულების შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-იც ადასტურებს.

ByteDance-ი კერძო კომპანიაა, რომლის აქციებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, ისინი საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება. ტექნიკურად, TikTok-ის მფლობელი კომპანია კვლავ სტარტაპია. კომპანიის შეფასების გათვალისწინებით კი ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია. მსგავსი სტატუსი ისეთ კომპანიებს აქვს, როგორიცაა SpaceX-ი, OpenAI, Shein-ი, Revolut-ი და სხვა. არსებული ინფორმაციით, ByteDance-ი ახლო მომავალში აქციების საჯაროდ განთავსებას კვლავ არ გეგმავს, შესაბამისად, ინვესტიციების ახალ რაუნდს ლიკვიდობისთვის გამოიყენებს.

მიმდინარე მოლაპარაკებები კომპანიისათვის საკუთარი აქციების გამოსყიდვის მესამე შემთხვევაა. აქციების უკან შესყიდვის გადაწყვეტილება კომპანიამ 2022 წელს მიიღო. 2023 წლის დეკემბერში ByteDance-მა $5 მილიარდის ღირებულების აქციები უკან გამოისყიდა. თითო აქციის ღირებულება მაშინ $160-ად შეფასდა, რამაც კომპანიის ღირებულება $268 მილიარდად განსაზღვრა. გასულ წელს ByteDance-ის შემოსავლები 30%-ით გაიზარდა და $110 მილიარდი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის 24 აპრილის განკარგულებით ByteDance-ს 2025 წლის 19 იანვრამდე TikTok-ის გასხვისება დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საშიშროების გამო მიიღო. ბაიდენის განკარგულება ByteDance-მა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრა.