ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს რუსეთის მოქალაქეებისათვის ჩეხეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გართულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ახალი კანონპროექტის თანახმად, ჩეხეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანამდე პირმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს ჩეხეთის ორმაგი მოქალაქეობის ქონა კანონის დამტკიცების შემთხვევაში აეკრძალებათ.
კანონპროექტმა ქვედა პალატაში 92 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგ კი ხმა 35-მა მისცა. 47-მა დეპუტატმა ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა. კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე სენატში გადაინაცვლებს, ზედა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში კი ხელმოსაწერად პრეზიდენტ პეტრ პაველს გადაეგზავნება.
კანონპროექტის თანახმად, იარსებებს გამონაკლისი შემთხვევებიც. ბავშვებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ჩეხეთის მოქალაქეობის განაცხადის შესატანად, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა არ მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებული იქნება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი წარმოადგინოს.
კანონპროექტი სექტემბერში მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიის დეპუტატმა მარტინ ექსნერმა წარადგინა და მისი ამჟამინდელი ვერსია რუსეთის მოქალაქეების მიერ უკვე შეტანილი განაცხადების განუსაზღვრელი დროით გაყინვას ითვალისწინებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელით რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩეხეთის მოქალაქეობაზე განაცხადი კანონპროექტის დამტკიცებამდე შეიტანეს.
სხვადასხვა ინფორმაციით, ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის 40,000-მდე მოქალაქე იმყოფება. ჩეხეთის მოქალაქეობის მოთხოვნის განაცხადების 25%-მდე კი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.