2025 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს კვლავ Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ლიდერობს. მასკი, სიის სხვა წევრებს შორის, ერთადერთიცაა, რომლის ქონებაც $400-მილიარდიან ნიშნულს აღემატება.
მიმდინარე წლის დასაწყისში, Forbes-ის შეფასებით, მასკის ქონება $421.2 მილიარდს უტოლდებოდა – ეს კი $91 მილიარდით მეტია პირველი დეკემბრის მონაცემებთან შედარებით. ამერიკელი ბიზნესმენის ქონების ზრდა SpaceX-ის მიერ ინსაიდერების აქციების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევას მოჰყვა, რის შედეგადაც, კოსმოსური კომპანიის ღირებულება $210 მილიარდიდან $350 მილიარდამდე გაიზარდა. ცნობისთვის, მასკი, რომელმაც SpaceX-ი 2002 წელს დააარსა, კომპანიის 42%-იანი წილის მფლობელია.
მილიარდერის ქონების ზრდაზე დადებითად ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმაც იმოქმედა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის თანახელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა. შედეგად, თუ მასკის ქონება 2024 წლის დასაწყისში $251 მილიარდს აღწევდა, ბოლო მონაცემებით ის $425 მილიარდამდე გაიზარდა.
2025 წლის მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მეორე პოზიციაზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. ამერიკელი მილიარდერი, რომელიც ამავდროულად ფირმის თავმჯდომარე და 9%-იანი წილის მფლობელია, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში $10 მილიარდით გამდიდრდა. ბეზოსის ქონების ზრდა, ამავე პერიოდში, Amazon-ის აქციების ღირებულების 5%-იან მატებას მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება $237 მილიარდს უტოლდება, რაც დაახლოებით $188 მილიარდით ჩამოუვარდება მასკის ქონების შეფასებას.
მიმდინარე წლის დასაწყისში სიის პირველ ათეულში მოხვდა Nvidia-ს თანადამფუძნებელი იენსენ ჰუანგიც. 2024 წლის განმავლობაში ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების 171%-იანი ზრდის გავლენით, ჰუანგის ქონება $118 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება Nvidia-ს, კომპანია $3.5-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოში მეორე უმსხვილესია და მხოლოდ Apple-ს ($3.67 ტრილიონი) ჩამოუვარდება.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2024 წლის პირველი დეკემბრის $1.8 ტრილიონიდან, 2025 წლის პირველი იანვრისთვის, $1.9 ტრილიონამდეა გაზრდილი. მათგან შვიდი პირი იმაზე მდიდარია, ვიდრე ერთი თვით ადრე იყო. ამ პერიოდში ყველაზე მეტი – $17.2 მილიარდი Oracle-ის თავმჯდომარემ, ლარი ელისონმა დაკარგა, რომლის ქონებასაც Forbes-ი $210 მილიარდად აფასებს. შედეგად, ელისონმა რეიტინგის მეორე პოზიციიდან მესამეზე გადაინაცვლა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ცხრა მილიარდერი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. ერთადერთი არაამერიკელი მილიარდერი LVMH-ის დამფუძნებელი ფრანგი ბერნარ არნოა. ამასთან ერთად კი, ათეულში შემავალი ყველა პირი მამაკაცია და თითოეული მათგანის ქონება $110 მილიარდს აღემატება. ცნობისთვის, უმდიდრესი ქალი Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონია, რომელიც $100 მილიარდით, რეიტინგის მე-17 პოზიციაზეა.
მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის პირველი იანვრის მონაცემებით
#1 ილონ მასკი
ქონება: $421.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X | ასაკი: 53
#2 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $233.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon | ასაკი: 60
#3 ლარი ელისონი
ქონება: $209.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Oracle | ასაკი: 80
#4 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $202.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Meta | ასაკი: 40
#5 ბერნარ არნო
ქონება: $168.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: LVMH | ასაკი: 75
#6 ლარი პეიჯი
ქონება: $156 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google | ასაკი: 51
#7 სერგეი ბრინი
ქონება: $149 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google | ასაკი: 51
#8 უორენ ბაფეტი
ქონება: $141.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway | ასაკი: 94
#9 სტივ ბალმერი
ქონება: $124.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft | ასაკი: 68
#10 იენსენ ჰუანგი
ქონება: $117.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Nvidia | ასაკი: 61