ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს | შეხვედრის გეგმა მუშავდება

ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს | შეხვედრის გეგმა მუშავდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის გეგმა უკვე მუშავდება, თუმცა რა ფორმატში და როდის გაიმართება ის, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ტრამპის გაპრეზიდენტებამ უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულების მოლოდინი გააჩინა. თუმცა პოლიტიკურ წრეებში არსებობს იმის საფრთხეც, რომ სამშვიდობო შეთანხმების მოკლე დროში მიღწევა შესაძლოა, უკრაინას ძვირად დაუჯდეს. დონალდ ტრამპს ომის დასრულების საკუთარი ხედვა აქვს, ზელენსკი და პუტინი კი საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირდებიან. შესაბამისად, მხარეებს შორის საერთო ენა უნდა გამოინახოს. რამდენად შეძლებს ამას ტრამპის ადმინისტრაცია და რა ფასს გადაიხდის უკრაინა მშვიდობისთვის, ამას მომავალში გავიგებთ.

„მას [პუტინს] ჩემთან შეხვედრა სურს და ჩვენ ამას დავაორგანიზებთ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა უკრაინას დახმარების სახით $175 მილიარდზე მეტი გამოუყო. აქედან $60 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაა. დონალდ ტრამპი კი უკრაინისათვის განუსაზღვრელი მოცულობით დახმარების გამოყოფის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ომს დიპლომატიური გზებით მალევე დაასრულებს.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც და აღნიშნა, რომ პუტინი ტრამპის სურვილს შეხვედრის შესახებ მიესალმება, თუმცა ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ არ დაფიქსირებულა.