აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა, მემკოინი $TRUMP-ი შექმნა და მიმოქცევაში ჩაუშვა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეალიზაციიდან რამდენიმე დღეში $11 მილიარდი შეადგინა.
კრიპტოაქტივი Solana-ს ბლოკჩეინზე ჩაეშვა და ამჟამად მისი ღირებულება $53.20-ს შეადგენს. პიკიs დროს, $TRUMP-ის ღირებულება $75, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $15 მილიარდი იყო.
კრიპტოვალუტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კრიპტოაქტივის დეველოპერებმა თავდაპირველად კოინის მიწოდება 200 მილიონ ერთეულამდე შეზღუდეს, მოგვიანებით კი მთლიანი მიწოდება მომდევნო სამი წლის ვადაში 1 მილიარდით განსაზღვრეს.
ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს საინვესტიციო შესაძლებლობას და კავშირი არა აქვს არცერთ სამთავრობო სააგენტოსთან თუ პოლიტიკურ ოფისსა და პოლიტიკურ კამპანიასთან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობამ $36.15 მილიარდი შეადგინა.
საკუთარი კრიპტოვალუტა მიმოქცევაში აშშ-ის მომავალმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმაც ჩაუშვა. მელანია ტრამპის კრიპტოვალუტის სახელწოდება $MELANIA-ა და ისიც Solana-ს ბლოკჩეინზე დაფუძნდა.
დონალდ ტრამპი კრიპტოინდუსტრიის მიმართ ენთუზიაზმითაა განწყობილი. სწორედ მისი იდეაა, რომ აშშ-მა უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი შექმნას და შეერთებული შტატები პლანეტის “კრიპტოდედაქალაქი” გახდეს.