ტრამპი: კერძო სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში $500-მლრდიან ინვესტიციას განახორციელებს

ტრამპი: კერძო სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში $500-მლრდიან ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად კერძო სექტორის ინიციატივაზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, ამერიკული კომპანიები საერთო ინვესტიციას განახორციელებენ, რომლის მოცულობაც $500 მილიარდი იქნება. მიზანს ბიზნესკრიტიკულ ინდუსტრიაში სხვა ქვეყნებთან კონკურენციის გაზრდა წარმოადგენს.

დონალდ ტრამპის განმარტებით, ერთობლივ კომპანიას OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ, რომლის სახელიც Stargate-ი იქნება. კომპანიები ახალ მონაცემთა ცენტრებს ააშენებენ და 100,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.

არსებული ინფორმაციით, დამფუძნებელი კომპანიები $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას დაუყოვნებლივ განახორციელებენ, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დააინვესტირებენ.

მონაცემთა ცენტრების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მთლიანობაში ერთობლივი კომპლექსი 20 მონაცემთა ცენტრს ააშენებს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ინიციატივას ისტორიაში ყველაზე მსხვილი AI-ინფრასტრუქტურის პროექტი უწოდა. მისი განმარტებით, აშშ-ის მთავრობა და თავად პრეზიდენტი პროექტის წარმატებას ხელს აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემით შეუწყობს.

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის განცხადებით, პროექტში SoftBank-ს – ფინანსური პასუხისმგებლობა, OpenAI-ს კი საოპერაციო პასუხისმგებლობა ექნება. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორები კი Arm-ი, Microsoft-ი, Nvidia და Oracle-ი იქნებიან.