მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი დისტანციური მუშაობისათვის

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი დისტანციური მუშაობისათვის

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა კომპანია Dojo-მ დისტანციური მუშაობისა და მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. Dojo-ს კვლევა რამდენიმე ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობითაა შედგენილი, მათ შორისაა: ვიზის ხანგრძლივობა და ხარჯი, ინტერნეტის სიჩქარე, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ასევე საკვები ობიექტების რაოდენობა და სანაპიროებთან სიახლოვე.

2020 წლის კოვიდპანდემიის შემდეგ დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე მოთხოვნა გაიზარდა. გლობალურად, დისტანციურად 35 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 18.1 მილიონი ადამიანი ეძებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას. მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4.7%-ითაა გაზრდილი. Dojo-ს Digital Nomad-ის ანგარიში საერთო ჯამში 237 ქალაქს მოიცავს და მათგან, ინდიკატორებზე დაყრდნობით, საუკეთესო და ყველაზე ცუდ ლოკაციებს აჯგუფებს.

მეთოდოლოგია: Dojo-ს ანგარიშის თანახმად, “კვლევა თითოეული ქალაქისთვის სტატისტიკის კომბინაციის გამოყენებით შეიქმნა და ეყრდნობა ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა: ინტერნეტის სიჩქარე, ცხოვრების ღირებულება, ინტერნეტის თავისუფლების დონე და ცხოვრების ხარისხი. ვიზებზე ინფორმაციის მისაღებად გამოყენებულია სამთავრობო ვებგვერდები, ხოლო აშშ-ისა და კანადის გარეთ, ცხოვრების ხარისხის შესაფასებლად – Quality of Life-ის ინდექსი”. მიღებული შედეგებით, რეიტინგის უპირობო ლიდერი იტალიაა, ხოლო ბოლო ადგილებზე საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოექცნენ.

1. გენუა, იტალია

ქალაქი დისტანციურად მუშაობის მსურველებს იტალიის ახალ, ციფრული ნომადის ვიზას სთავაზობს. წარსულში ამ ვიზით სარგებლობა მხოლოდ ფრილანსერებს, დისტანციურ სრულ განაკვეთზე დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულ პირებს შეეძლოთ. ფასი $124-ია, მოქმედების ვადა – 12 თვე. გენუას ასევე აქვს ყველაზე სწრაფი ინტერნეტის სიხშირე, უსაფრთხოების ქულა – 27, ხოლო ცხოვრების ხარისხის რეიტინგში 154.78. აქ ცხოვრების საშუალო ღირებულება თვეში $800-ია.

2. ბარი, იტალია

სამხრეთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, ბარი, აერთიანებს ზღვისპირეთის ხიბლსა და ისტორიულ მიმზიდველობას. ბარიში დისტანციური მუშაობის მოყვარულებს საიმედო ინტერნეტსერვისი დახვდებათ. რაც შეეხება სხვა შეფასებებს, უსაფრთხოების ქულა – 27-ით, ცხოვრების ხარისხის შეფასება კი 159.2-ით განისაზღვრება. ცხოვრების ღირებულება საშუალოდ თვეში $650-ია.

3. ვალენსია, ესპანეთი

ესპანეთის ციფრული ნომადის ვიზა $725 ღირს და 12 თვის განმავლობაში მოქმედებს. ვალენსიის შემთხვევაში სხვა ინდიკატორები შემდეგნაირად ნაწილდება: უსაფრთხოების ქულა – 24, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 191.1, თვიურად საშუალო ცხოვრების ღირებულება – $585.

4. კვებეკი, კანადა

მიუხედავად იმისა, რომ კვებეკში სიის პირველ ოთხეულს შორის ინტერნეტის სიჩქარე ყველაზე დაბალია, ქალაქი სხვა ინდიკატორებით წამყვან პოზიციებზეა. მაგალითად, ცხოვრების საშუალო თვიური ღირებულება $725-ია, ციფრული ნომად-ვიზა 6 თვის განმავლობაში მოქმედებს, თუმცა უფასოა.

5. კატანია, იტალია

იტალიის ქალაქი კატანია სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი დისტანციურად დასაქმებულ პირებს ინტერნეტის სანდო სერვისს სთავაზობს, რაც შეეხება სხვა ინდიკატორებს: უსაფრთხოების ქულა – 27, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 121.82, თვიურად, ცხოვრების საშუალო ღირებულება – $650.

6. ფლორენცია, იტალია

ტოსკანის რეგიონის დედაქალაქი დისტანციურად დასაქმებულებს საიმედო ინტერნეტსერვისს სთავაზობს, ცხოვრების საშუალო ღირებულება კი იტალიის ქალაქში თვიურად $785-ს აღწევს. უსაფრთხოების ქულა – 27, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 155.6.

7. პალერმო, იტალია

პალერმო ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. ქალაქში ცხოვრების საშუალო თვიური ღირებულება $660-ს აღწევს, უსაფრთხოების ქულა 27-ია, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 142.97.

8. ლას-პალმასი, ესპანეთი

ესპანეთის ქალაქის მთავარი ხიბლი მრავალფეროვნება და ყველა სეზონზე ზომიერი ტემპერატურაა. ქალაქი გთავაზობთ სანდო ინტერნეტსერვისს, უსაფრთხოების ქულა 24-ია, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 188.06, ცხოვრების თვიური საშუალო ღირებულება – $600.

9. რომი, იტალია

იტალიის დედაქალაქი ევროპაში ყველაზე ხშირად მონახულებადი, მსოფლიო მასშტაბით კი მე-14 ყველაზე მონახულებადი ქალაქია. რომის უსაფრთხოების ქულა 27-ითაა შეფასებული, ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 140.52-ია, ხოლო ცხოვრების თვიური საშუალო ღირებულება – $720.

10. სევილია, ესპანეთი

სევილიაში ცხოვრებისთვის, რომელიც განთქმული ღამის ცხოვრებითა და ძალიან გრძელი და ცხელი ზაფხულით, თვიურად $590-ის გადადება დაგჭირდებათ. უსაფრთხოების ქულა 24-ია, ხოლო ცხოვრების ხარისხის ინდექსი – 182.82.

რეიტინგის ტოპ-20-ის მომდევნო ათი ქალაქია:

11. ტურინი, იტალია

12. ოტავა, კანადა

13. სარაგოსა, ესპანეთი

14. მადრიდი, ესპანეთი

15. ბილბაო, ესპანეთი

16. მონრეალი, კანადა

17. ბოლონია, იტალია

18. მურსია, ესპანეთი

19. ოშავა, კანადა

20. ჰამილტონი, კანადა