სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ამერიკული ბიზნესი შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს

სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ამერიკული ბიზნესი შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, არსებობს მოლოდინი, რომ ამერიკული კომპანიები რუსეთში საქმიანობას განაგრძობენ.

ეს განცხადება სტივ უიტკოფმა CBS-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი განმარტებით, ამის შესაძლებლობა და მოლოდინები არსებობს და ამერიკული კომპანიების რუსეთში დაბრუნებისა და ბიზნესსაქმიანობის განახლების საკითხი ყველასთვის პოზიტიური მოვლენა უნდა იყოს.

რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პერსპექტივაზე Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის ახალმა სახაზინო მდივანმაც. სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებზე სურვილის გამოთქმის გამო, შესაძლოა რუსეთმა აშშ-ის სანქციებისაგან გარკვეული შეღავათი მიიღოს. ბესენტის განცხადებით, სანქციების შემცირებისა თუ გაზრდის პერსპექტივა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მოლაპარაკებების მაგიდასთან.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარი დასავლური კომპანიების უმეტესობამ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ამერიკული და ევროპული ბიზნესებისთვის ფინანსურ რისკს წარმოადგენდა, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ოკუპანტი პირდაპირ ან ირიბად უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო ფინანსებით არ მოემარაგებინათ.

მართალია, რუსეთის თითქმის 150-მილიონიან ბაზარზე დაბრუნება ყველა დასავლური კომპანიისათვის ფინანსურად მოგებიანი იქნება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ ბაზარზე დასავლური კომპანიების დაბრუნების შემთხვევაში, შეღავათებით ადგილობრივმა ბიზნესებმა ისარგებლონ.