გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე უკრაინის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქვეყნიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. აშშ-მა ხმა აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
მეორე რეზოლუციაში, რომელიც თავად აშშ-ის მიერაა წარდგენილი და რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებისაკენ მოუწოდებს, ევროპულმა სახელმწიფოებმა და უკრაინამ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, რის შემდეგაც აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
აშშ-ის წარმომადგენლები გაეროში გაცხადებულ პოზიციას უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივის მოახლოებით ხსნიან და განმარტავენ, რომ აშშ-ის მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პროცესს დააზარალებდა. უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან ყველა სამხედრო ძალის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანას ითვალისწინებს, მხარი 93-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 18-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 65-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ხმა წინააღმდეგ მისცეს რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ბელარუსმა, ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ეკვატორულმა გვინეამ, ერიტრეამ, ჰაიტიმ, უნგრეთმა, ისრაელმა, მალიმ, მარშალის კუნძულებმა, ნიკარაგუამ, ნიგერმა, პალაუმ და სუდანმა.
საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.