გასულ დღეებში დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის ყველა სამხედრო დახმარება გაყინა. დღეს ეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა. თუმცა დღესვე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევთან წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენას განიხილავს.
ტრამპის თანამოაზრეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ჯერ კიდევ 2023 წელს სცადეს. კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების უდიდესი ტრანში დაბლოკეს. საბრძოლო მასალის მარაგების შევსება მაშინ უკრაინამ ნაწილობრივ ევროპის დახმარებით მოახერხა.
თუმცა კონგრესმა დახმარების პაკეტი 2024 წლის გაზაფხულზე მაინც დაამტკიცა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკრაინა ხარკოვში რუსეთის განახლებული შეტევის მოსაგერიებლად იბრძოდა. დაგვიანებული ამერიკული იარაღის ქვეყანაში ჩატანამ უკრაინის პოზიციების გამაგრებას შეუწყო ხელი.
BBC-მ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შეჩერების მოსალოდნელ შედეგებზე სტატია მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისევე როგორც 2024 წელს, შესაძლოა ახლაც თვეები დაგვჭირდეს, სანამ ამას დავინახავთ. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საარტილერიო ჭურვების წარმოების მაჩვენებელი გაზარდეს. ახლა ევროპა უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 60%-ის უკან დგას. თუმცა, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის ჯერ კიდევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უკრაინის შესაძლებლობები, დაიცვას თავისი ხალხი და ქალაქები, დიდწილად დამოკიდებულია აშშ-ის დახვეწილ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე – Patriot-ის ბატარეებსა და NASAMS-ზე, რომელიც ნორვეგიასთან პარტნიორობით შემუშავდა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესაძლებლობა მისცა HIMARS- და ATACM-რაკეტებით შორ მანძილზე დარტყმები განახორციელოს. მართალია, რუსეთის შიგნით მათი გამოყენება შეზღუდულია, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაღალი ღირებულების სამიზნეების გასანადგურებლად ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, აშშ-მა უკრაინას ასობით მსუბუქი, ოთხბორბლიანი სამხედრო სატვირთო მანქანა Humvees-ი და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა.
კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევრისა და საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორის, მაიკლ კოფმანის აზრითაც, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებას შესაძლოა, ომის მიმდინარეობაზე მყისიერი გავლენა არ ჰქონდეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ წელს უკრაინა აშშ-ზე ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე ომის საწყის ეტაპზე.
„საკითხი უფრო პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება შორ მანძილზე მოქმედი ზუსტ დამიზნების საშუალებებს. რაკეტები, როგორიცაა GMLRS-ი, კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისევე, როგორც საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალა“ – აცხადებს კოფმანი.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც შეაჩერა. ექსპერტების შეფასებით, ამას ომში მყოფი ქვეყნისთვის უფრო მყისიერი უარყოფითი გავლენა ექნება. გაურკვეველია უკრაინაში Starlink-ის ბედიც, რომელიც ბრძოლის ველზე უახლესი ინფორმაციის გადასაცემად, ასევე საარტილერიო და უპილოტო დარტყმების კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა. ასევე, უცნობია, გავრცელდება თუ არა დახმარების შეჩერება უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადების პროგრამებზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც ევროპას სურდა, უკრაინისთვის აშშ-ის წარმოების F-16 თვითმფრინავები მიეწოდებინა, მას ჯერ თანხმობა ვაშინგტონისგან უნდა მიეღო. საინტერესოა, შეუშლის თუ არა ხელს შეერთებული შტატები ევროპულ ქვეყნებს უკრაინაში ამერიკული წარმოების სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაში.
Financial Times-მა უკრაინულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ კიევს არსებული მარაგები ბრძოლის მიმდინარე ტემპების გასაგრძელებლად 2-3 თვე ეყოფა. სხვა მედიების ცნობით, მარაგები 6 თვემდე იქნება საკმარისი.