პოლონეთი $6.2 მილიარდის ღირებულების სამხრეთკორეულ ტანკებს შეიძენს

პოლონეთი $6.2 მილიარდის ღირებულების სამხრეთკორეულ ტანკებს შეიძენს

პოლონეთისა და სამხრეთ კორეის მთავრობების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნები მასშტაბური სამხედრო კონტრაქტის გაფორმებას მომდევნო თვის დასაწყისში შეძლებენ. კონტრაქტის თანახმად, პოლონეთი სამხრეთ კორეისაგან დამატებით 180 ერთეულ K2 ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს შეიძენს. კონტრაქტის ღირებულება შეიარაღების, ამუნიციის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის ჩათვლით $6.2 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეასთან უკვე რამდენიმე წელია, თანამშრომლობს. მხარეებს შორის პირველი შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაფორმდა, რაც პოლონეთისათვის K2 ტიპის ტანკების, K9 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების, FA-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისა და Chunmoo ტიპის სარაკეტო კომპლექსის გადაცემას ითვალისწინებდა. ამავე წლის აგვისტოში გაფორმებული $12.4-მილიარდიანი კონტრაქტის თანახმად, სამხრეთ კორეას პოლონეთისთვის 180 ერთეული K2, 212 ერთეული K9 და 48 ერთეული FA-50 უნდა მიეწოდებინა.

ახალი შეთანხმება მთავარი საბრძოლო ტანკების დამატებით შეძენასთან დაკავშირებით, აღნიშნული კონტრაქტის გაგრძელებას წარმოადგენს. გარიგება გასული წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერთი მხრივ, კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების, ხოლო მეორე მხრივ სამხრეთ კორეაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის იმედსაც გამოთქვამენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლონეთი საკუთარი შეიარაღების გასაახლებლად სამხრეთკორეულ ალტერნატივებს ყველაზე აქტიურად განიხილავს.