ტრამპმა ავტოკომპანიებისთვის სატარიფო გამონაკლისის ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა

ტრამპმა ავტოკომპანიებისთვის სატარიფო გამონაკლისის ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებლების დასახმარებლად სატარიფო გამონაკლისის შესახებ მისი ადმინისტრაცია გარკვეულ ზომებს მიიღებს. აღნიშნული განცხადების გავრცელებისთანავე, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ამერიკული საავტომობილო კომპანიების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სიახლის გამოცხადებიდან მალევე, General Motors-ის, Ford-ისა და Stellantis-ის აქციათა ფასები შესაბამისად 4.8%, 5% და 4.5%-ით გაიზარდა.

თუმცა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ საშეღავათო პერიოდით ტარიფებზე საგამონაკლისო წესით ის ავტომწარმოებლები ისარგებლებენ, რომელთაც ავტონაწილების წარმოების უცხოეთიდან აშშ-ში გადმოსატანად მცირე დრო სჭირდებათ. შესაბამისად, მისი მინიშნებით, ამ წესით ის საავტომობილო კომპანიები ვერ ისარგებლებენ, რომლებიც აშშ-ში წარმოების გადატანას საერთოდ არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების თანახმად, აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე დამატებით 25%-იანი გადასახადი მარტის ბოლოდან ამოქმედდა. მაისის დასაწყისიდან კი დაგეგმილია მსგავსი 25%-იანი ტარიფების ავტონაწილებზე ამოქმედებაც.

ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზით, ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის შედეგად ავტოინდუსტრიის ხარჯები წარმოებისა და საიმპორტო გადასახადების ჩათვლით $100 მილიარდით გაიზრდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ავტომობილებზე ფასების ზრდის გამო გაყიდვების რამდენიმე მილიონით კლებასაც ვარაუდობენ. საინტერესოა ისიც, რომ დონალდ ტრამპის მიერ საპასუხო ტარიფების 90 დღით შეჩერების  გადაწყვეტილება ავტოინდუსტრიას არ ეხება.