აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააანონსა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის ფინანსურ დახმარებას შესთავაზებენ. როგორც ტრამპმა Fox Noticias-სთან ინტერვიუში განაცხადა, „თვითდეპორტაციის პროგრამა“ მოიცავს სტიპენდიას, ავიაბილეთს და მომავალში აშშ-ში ლეგალურად დაბრუნების შესაძლებლობას.
„ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას. ვაპირებთ, მივცეთ გარკვეული თანხა და თვითმფრინავის ბილეთი, შემდეგ კი მათთან ვიმუშავებთ, თუ დაბრუნება მოუნდებათ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თუ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ, აშშ იმუშავებს იმაზე, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ უკან ამერიკაში, ამჯერად ლეგალურად.
აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ტრამპის ადმინისტრაციამ მიგრანტების დეპორტაციისთვის უკვე მიიღო აგრესიულ ზომები და მასობრივი დაკავებების შემდეგ, მათი ნაწილი უკან, სამშობლოში დააბრუნა.
აღსანიშნავია, რომ არალეგალ მიგრანტებს სთხოვენ, „დაბრუნების განზრახვა“ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის აპლიკაციაში — CBP Home თავადვე დააფიქსირონ .
ახალი ინიციატივის მიზანია, მათთვის, ვინც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებს, შექმნას ალტერნატივა, რათა მიგრანტები საკუთარ ქვეყნებს ფორმალური დეპორტაციის გარეშე დაუბრუნდნენ და მომავალში, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამერიკაში ლეგალურად დაბრუნდნენ.