რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

The Diary of a CEO სოციალურ ქსელში 25 მილიონზე მეტი, YouTube-ზე კი 10 მილიონი გამომწერით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტია. Diary Of A CEO-ს დამფუძნებელი სტივენ ბარტლეტია. ბარტლეტმა პოდკასტი, რომელიც მას სხვა აღმასრულებლების გონებაში შეღწევის საშუალებას აძლევდა, 2017 წელს გაუშვა და 1 მილიარდზე მეტი სტრიმიც დააგროვა. მხოლოდ დეკემბერში, Diary Of A CEO-ს მსმენელთა რიცხვმა 50 მილიონს გადააჭარბა.

პოდკასტის სტუმრებს შორის ვხვდებით ყველას: კომიკოს ტრევორ ნოათი დაწყებული, იუტუბერ MrBeast-ით, გურუებით, ნუტრიციოლოგებითა და სექს-თერაპევტებით დასრულებული. 2024 წელს ბარტლეტის ფრენჩაიზმა $20 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიც LinkedIn-ი, Oracle-ი და Shopify არიან. ამას კი ბრენდირებული პროდუქციის, ჰუდებისა და ჟურნალების გაყიდვაც დაემატა.

ბარტლეტი კიდევ უფრო მეტის გამომუშავებას აპირებს — და სურს, ეს თავისუფალი აგენტის რანგში გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ პოდკასტების სხვა ვარსკვლავებმა სტრიმინგქსელებთან მეგახელშეკრულებები გააფორმეს, ბარტლეტს იმპერიის დამოუკიდებლად აშენება სურს და ეს მისი პოდკასტის მიმართ დაბალი ინტერესის გამო სულაც არ ხდება. გასულ ოქტომბერს  ბარტლეტი ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩაფრინდა, გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს რამდენიმე უდიდეს მედიაქსელთან შესახვედრად და პოტენციური პარტნიორობების განსახილველადაც. თავად ბარტლეტს შეხვედრების დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კონტრაქტის ღირებულება $100 მილიონს აღწევდა.

მსგავს შეთავაზებაზე უარის მიზეზებს ბარტლეტი შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენ განვიხილეთ, თუ რა გააკეთეს მათ ტესტირების, ექსპერიმენტების, ინოვაციების თვალსაზრისით და ვიგრძენი, რომ წარსულს ვუყურებდი. როდესაც აქაურობას ვუყურებ, ვხედავ, რა ხდება აქ – ეს მომავალია“.

2017 წელს, როდესაც ბარტლეტმა პოდკასტი წამოიწყო, მომავალი გაურკვეველი იყო. სოციალური მედიის სფეროში უცნობი ბარტლეტი პოპულარობის ზრდისთვის მონაცემთა ანალიტიკასა და მუდმივ ექსპერიმენტებს ეყრდნობოდა. მალევე, პოდკასტის ყველა ასპექტის  A/B-ტესტირებაც წამოიწყო, ეს ეხებოდა ყველაფერს: საკვანძო სიტყვებს, წარწერებს, პუნქტუაციას. თუმცა შოუში ინვესტირება მხოლოდ 2020 წელს დაიწყო. ბარტლეტის თქმით, პოდკასტის თამაშის წესები Google X-ის ყოფილ CBO-სთან (ბიზნესოპერაციების მთავარი ოფიცერი), მო გავდატთან ერთად გადაღებულმა 2023 წლის ეპიზოდმა შეცვალა.

„Apple-მა განაცხადა, რომ ეს იყო 2023 წლის ყველაზე გაზიარებადი პოდკასტის ეპიზოდი მსოფლიოს ამ ნაწილში“, – ამბობს ბარტლეტი და დასძენს: „ამ ეპიზოდმა მასწავლა, რომ პოდკასტინგში სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, თუ რამდენი გამომწერი გყავს და რამდენად ცნობილი ხარ. საბოლოო ჯამში, საქმე მის ღირებულებაშია, რადგან ხალხი მას გააზიარებს“.

ბარტლეტი აფრიკაში, ნიგერიელი დედისა და ბრიტანელი მამის ოჯახში დაიბადა, პატარაობისას კი ოჯახთან ერთად ინგლისში, სოფლად გადავიდა საცხოვრებლად. თავის ორ ძმასთან შედარებით ბარტლეტი ჩამორჩენილ მოსწავლედ გრძნობდა თავს და სკოლაშიც ყველასგან განსხვავებული და გარიყული იყო. „სასოწარკვეთილად მსურდა შემევსო ის სირცხვილი ან დაუცველობა, რომელსაც შავკანიან ან საწყალ ბავშვად ყოფნით ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ამის შევსებას დიდი საქმის კეთებით მიღებული აღიარებით მოვახერხებდი“, – იხსენებს იუტუბერი.

დაფასება მეწარმეობიდან მოვიდა. 2013 წელს ის მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა და Wallpark-ი შექმნა – ონლაინშეტყობინებების ფორუმი სტუდენტებისთვის, რომელზეც მათ ერთმანეთისთვის ადგილობრივი ღონისძიებებისა და სავაჭრო სახელმძღვანელოების გაზიარება შეეძლოთ. სტარტაპს ის მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა ამ პერიოდში ციფრული მარკეტინგი შეისწავლა. „ამან მაჩვენა სოციალური მედიის ძალა იმ დროს, როდესაც ხალხი საკმაოდ ნეგატიურად იყო განწყობილი მის მიმართ“, – ამბობს ბარტლეტი.

2014 წელს ბარტლეტმა Social Chain-ი დააარსა, მარკეტინგული კომპანია, რომელიც ბრენდებს მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის საშუალებით პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებდა. სტარტაპმა ის ახალგაზრდა მილიონერად აქცია. 2019 წელს ბარტლეტმა სტარტაპი Lumaland-თან გააერთიანა და 200 მილიონი დოლარის ღირებულების საჯარო კომპანიაც ჩამოაყალიბა. ამან ბარტლეტს 2020 წელს Forbes-ის 30 Under 30 Europe-ის სიაში ადგილი მოუტანა.

ბარტლეტმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო Social Chain-ი მალევე დატოვა. თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილიც იყო და Dragon’s Den-შიც (ბრიტანული Shark Tank-ი) მოხვდა, რომლის შემდეგაც უკვე ისეთ კომპანიებშიც დაიწყო ინვესტირება, როგორებიც SpaceX-ი და Whoop-ია. თუმცა, მუდმივად, მხოლოდ საკუთარი ძალებით, რაიმე ახლის შექმნა სურდა: „ახლა, როცა უკვე ფული და თავისუფლება მქონდა, ზუსტად ვიცოდი, რისი გაკეთებაც მსურდა – ბოლომდე მემუშავა იმ პატარა პოდკასტისთვის, რომელიც დავიწყე“.

ბარტლეტმა 50 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიც GoPro-კამერები და თვითმოძრავი კამერებია. მალევე პოდკასტებს უკვე კვირაში ორჯერ აქვეყნებდა, მთლიანად ვიდეოზე იყო ორიენტირებული და ახალ ანალიტიკაში ინვესტირებას ახდენდა. ბარტლეტს Pre-Watch-ზე მორგებული სისტემა აქვს, რომლის საშუალებითაც მისი გუნდი ეპიზოდებს არედაქტირებს. შემდეგ კი, თავად, თავისუფალი აგენტის სტატუსით, მონაცემებზე ოპტიმიზებულ ეპიზოდებს ისეთ სოციალურ მედიაში აქვეყნებს, როგორიცაა: YouTube-ი, Spotify, Instagram-ი, TikTok-ი და X-ი.

„მედიაზე ყველაზე დიდი გავლენა აუდიტორიის ფრაგმენტაციამ მოახდინა. შექმნა შესაძლებელია, თუმცა ხალხის მოზიდვა და მონეტიზაცია ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით – დამოუკიდებელი ადამიანებისთვის“.

ბარტლეტი, რომელსაც სჯერა, რომ ფრაგმენტაციის პრობლემა გადაჭრა, ახლა თავის მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიას ახალი შოუებით აფართოებს. 2023 წელს მან პოდკასტების ინდუსტრიის ვეტერანებთან, ჯორჯი ჰოლტთან და კრისტიანა ბრენტონთან პარტნიორობით სტუდია შექმნა სახელწოდებით Flight Story. დღეს ისინი ხუთ პოდკასტს აწარმოებენ და თითოეული წამყვანის გარშემო კომერციულ ფრენჩაიზებს ქმნიან, რომლებიც მოიცავს წიგნების გარიგებებს, გამოსვლებს, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პროდუქტებს.

ბარტლეტს კონტენტის შექმნის შემდეგი ეტაპისთვის დიდი გეგმები აქვს. ის ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჰოლივუდის ცნობილ სახეებთან უფრო ახლოს იყოს. ამასთან ერთად კი, მედიასთან და მსხვილ ბრენდებთან დაახლოების მიზნით, ნიუ-იორკში შტაბ-ბინის გახსნისთვისაც ემზადება. „ბულდოზერი ყოველთვის შენკენ მოემართება. შენ გაქვს არჩევანი, ბულდოზერი ან დაგეჯახება, ან მის მართვას შეძლებ“, – აცხადებს ბარტლეტი.