მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ელექტრონული კომერციის გიგანტის $4.75 მილიარდამდე ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს. ტრანზაქციები მომდევნო 12 თვის განმავლობაში განხორციელდება.
ბეზოსი, რომელმაც Amazon-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წლის შუა პერიოდში დატოვა, 2026 წლის მაისის ბოლომდე, ორგანიზებული სავაჭრო გეგმის ფარგლებში, 25 მილიონ აქციას გაყიდის. ერთ აქციაზე $190-იანი შეფასებით, ბეზოსის მიერ მომდევნო 12 თვეში გასაყიდი აქციების ჯამური ღირებულება $4.75 მილიარდს მიაღწევს. Amazon-ის უახლესი კვარტალური დოკუმენტების თანახმად, სავაჭრო გეგმა მარტის დასაწყისში შეიქმნა.
ბეზოსის მიერ აქციების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამდე, Amazon-მა ტრამპის გლობალური სავაჭრო ომის გავლენის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. კომპანიის პროგნოზით, სავაჭრო ომიდან გამომდინარე, Amazon-ის წმინდა მოგება და საოპერაციო შემოსავალი შესაძლოა Wall Street-ის შეფასებებზე დაბალი იყოს.
ცნობისთვის, 2024 წლის განმავლობაში ბეზოსმა Amazon-ის $13.4 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. იმ პერიოდისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2 ტრილიონს აჭარბებდა, ამჟამად კი სწორედ ამ ნიშნულზეა.
რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, Forbes-ის თანახმად, ის $205.5 მილიარდით მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია.