ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი უკრაინის მოქალაქეებზე საჰაერო თავდასხმის გამო გააკრიტიკა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს.
„მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის [პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინთან. თუმცა მას რაღაც დაემართა. ის სრულებით შეიშალა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა კვირა საღამოს, Truth Social-ის პლატფორმაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი „უმიზეზოდ ბევრი ადამიანის მკვლელობისთვის“ გააკრიტიკა და თქვა, რომ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, მოსკოვი უკრაინის ქალაქებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმის თავს.
იმავე პოსტში, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პუტინს უკრაინა სრულად სურს, და არა – მისი მხოლოდ ნაწილი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დამოკიდებულება „რუსეთის დაცემას გამოიწვევს!“. ამასთან ერთად, ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინის ომი არც დაიწყებოდა და ეს „ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომია და არა ტრამპის“. „მე მხოლოდ იმ დიდი და მახინჯი ხანძრის ჩაქრობაში ვეხმარები, რომელიც არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით გაჩნდა“, – დასძინა ტამპმა.
რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ტრამპი Air Force One-ზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც გამოეხმაურა. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „პუტინის ქმედებებით კმაყოფილი არ იყო“ და თქვა, რომ არ იცოდა, „რა ჯანდაბა დაემართა პუტინს…“. ჟურნალისტების კითხვაზე განიხილავდა თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „აბსოლუტურად“.