გამოცემა Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა. უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების Forbes-ის რიგით მეათე, საიუბილეო რეიტინგში ჯამში 38 მილიარდერია, რომელთა კოლექტიური ქონება $100 მილიარდს აღწევს. ხოლო აშშ-ის ასი უმდიდრესი თვითშემდგარი ქალის კოლექტიური სიმდიდრე $150 მილიარდს აღემატება.
რეიტინგში შემავალი თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რაოდენობა, 2015 წელს სიის პირველად გამოქვეყნების შემდეგ თითქმის გაორმაგებულია. ეს რიცხვი გაიზარდა წინა წლის შემდეგაც, როდესაც ამერიკაში მილიარდერ ქალთა რიცხვმა 31 მიაღწია. გარდა ამისა, Forbes-ის წლევანდელი შეფასებით, ას უმდიდრეს ქალთა შორის მოსახვედრად, ახლა სულ მცირე $350 მილიონის ქონებაა საჭირო. საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელ ასეულში 2015 წლის გამოცემიდან ოცდათექვსმეტი წევრი გვხვდება. მათ შორის უმდიდრესი 78 წლის მილიარდერი დაიან ჰენდრიქსია – ABC Supply-ის თავმჯდომარე და მესაკუთრე. ჰენდრიქსი, $22.3 მილიარდის ქონებით, თვითშემდგარი მილიარდერი ქალების წლევანდელი რეიტინგის სათავეშია.
ამერიკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების წლევანდელ რეიტინგს ცხრა ახალწვეული ჰყავს – აქედან სამი მილიარდერია. მათ შორისაა ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის, Washington Spirit-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მიშელ კანგი; ლორენ ლეიხტმანი, კერძო ინვესტორი, რომელმაც მეუღლესთან ერთად ოქტომბერში, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბი San Diego Wave-ი შეიძინა; და ირანელი ემიგრანტი მაკი ზანგანეჰი, რომელიც Summit Therapeutics-ს მართავს. რეიტინგის ახალწვეულებს შორის ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი სელენა გომესია, რომლის ქონებაც 32 წლის ასაკში $700 მილიონადაა შეფასებული.
გასული წლის შემდეგ გაზრდილია ამერიკის უმდიდრესი ქალების ნახევარზე მეტის (58 პირი) ქონება. თორმეტი წევრის სიმდიდრე კი უცვლელი დარჩა. ხოლო მათ შორის, რომელთა ქონებაც შარშანდელთან შედარებით შემცირდა, მოხვდა პოპვარსკვლავი რიანა. რიანას ქონებამ წლიურ ჭრილში დაახლოებით $400 მილიონით იკლო და ახლა $1 მილიარდს მცირედით ჩამოუვარდება. ყველაზე დიდი მოგება კი პიცერიების ქსელის, Little Caesar’s-ის თანადამფუძნებელმა მარიან ილიჩმა მიიღო, რომლის სიმდიდრეც $2.3 მილიარდით გაიზარდა – ძირითადად, NHL-ის კლუბ Detroit Red Wings-ში მისი წილის გავლენით.
წლევანდელ რეიტინგში 40 წლამდე წევრებს შორის სულ რვა ქალი გვხვდება. მათ შორის უმდიდრესი მომღერალი ტეილორ სვიფტია, რომლის სიმდიდრეც ბოლო შეფასებით $1.6 მილიარდს უტოლდება. მას მოსდევს Deel-ის თანადამფუძნებელი შუო ვანგი, $1.5 მილიარდით და Scale AI-ის თანადამფუძნებელი ლუსი კუო, $1.3 მილიარდით. მილიარდერებს შორის არის Anthropic-ის პრეზიდენტი დანიელა ამოდეიც ($1.2 მილიარდი).
მომღერლები ტეილორ სვიფტი და რიანა ამერიკის უმდიდრეს ცნობილ მილიარდერ ქალთა შორისაც მოხვდნენ. ცნობილი ადამიანების კატეგორიას Forbes-ის უახლეს რეიტინგში ოპრა უინფრი ლიდერობს $3.1 მილიარდით, მეორე ადგილზე კი კიმ კარდაშიანია – $1.7 მილიარდით, რომელსაც შესაბამისად, სვიფტი და რიანა მოჰყვებიან.
წარმოგიდგენთ ამერიკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების ათეულს:
ადგილი | სახელი | ქონება | ასაკი | შემოსავლის წყარო | შტატი |
---|---|---|---|---|---|
1 | დაიან ჰენდრიკსი | $22.3 მლრდ | 78 | სამშენებლო მასალები | ვისკონსინი |
2 | ჯუდი ფოლკნერი | $7.8 მლრდ | 81 | ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა | ვისკონსინი |
3 | მარიან ილიჩი და ოჯახი | $6.9 მლრდ | 92 | Little Caesars Pizza | მიჩიგანი |
4 | ლინდა რესნიკი | $6.3 მლრდ | 82 | სოფლის მეურნეობა | კალიფორნია |
5 | ტაი ლი | $6.1 მლრდ | 66 | IT სერვისები | ტეხასი |
6 | ელიზაბეტ უილაინი | $5.6 მლრდ | 79 | შესაფუთი მასალები | ილინოისი |
7 | გაილ მილერი და ოჯახი | $4.6 მლრდ | 81 | ავტომობილების სადილერო | იუტა |
8 | ერენ ოზმენი | $4.4 მლრდ | 66 | აერონავტიკა | ნევადა |
8 | ჯაიშრი ულალი | $4.4 მლრდ | 64 | კომპიუტერული ქსელები | კალიფორნია |
10 | ჯონელ ჰანტი | $3.8 მლრდ | 93 | სატვირთო გადაზიდვები | არკანზასი |