როგორია $3.1 ტრილიონის ფინანსური დანაშაულების სექტორული განაწილება?

როგორია $3.1 ტრილიონის ფინანსური დანაშაულების სექტორული განაწილება?

Nasdaq-ის 2024 წლის გლობალური ფინანსური დანაშაულის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ფინანსური დანაშაულებით გლობალურად მიღებულმა შემოსავალმა $3.1 ტრილიონი შეადგინა. ფინანსური დანაშაულების შემადგენლობა არალეგალური გზებით შემოსავლების მიღებას ითვალისწინებს და ისეთ დანაშაულებს აერთიანებს, როგორებიცაა: ფულის გათეთრება, თაღლითობა, ადამიანისა და ნარკოტიკების კონტრაბანდა, ტერორიზმის დაფინანსება, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და სხვა. მსგავსი სახის ფინანსური დანაშაულები გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს.

ფინანსური დანაშაულებიდან გამომუშავებული ფულის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ დანაშაულზე მოდის. ეს უკანასკნელი არალეგალურ ფინანსურ აქტივობებს სხვადასხვა სახით, მათ შორის კორუფციით, ფულის გათეთრებითა და თაღლითობით ახორციელებს. ჯამში, ორგანიზებული დანაშაულით არალეგალურად გამომუშავებული შემოსავლები გლობალურად $1.96 ტრილიონს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, თაღლითობა არალეგალური შემოსავლის მიღების ყველაზე მსხვილი საშუალებაა. გლობალურმა ეკონომიკამ მხოლოდ თაღლითობის გამო 2024 წელს $500 მილიარდი დაკარგა. აღნიშნული კატეგორია ისეთ დანაშაულებს აერთიანებს, როგორებიცაა: თაღლითური ინვესტიციები, სხვა პიროვნების იმიტაციები, სადაზღვევო თაღლითობები და სხვა.

საინტერესოა, რომ ორგანიზებული დანაშაულის გეოგრაფიული გავრცელება ამერიკების ($653.4 მილიარდი), ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა ($613.9 მილიარდი) და აზია-წყნარი ოკეანის ($690.8 მილიარდი) რეგიონებში თითქმის თანაბარია. გლობალური ორგანიზებული კრიმინალის ინდექსის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები ყოველწლიურად თითქმის ყველა სახელმწიფოში იზრდება.

ფინანსური დანაშაულებიდან მიღებული შემოსავლის შემდეგი ყველაზე მსხვილი წყარო ნარკოტიკების კონტრაბანდა ($783 მილიარდი) და ადამიანების ტრეფიკინგი ($347 მილიარდი) გახლავთ. მათი გავლენა მსოფლიოს ყველა რეგიონზე თანაბრად უარყოფითია. მეოთხე ყველაზე მსხვილ ფინანსურ დანაშაულს კი შემოსავლების მიხედვით ტერორიზმის დაფინანსება ($12 მილიარდი) წარმოადგენს.

კრიმინალური აქტივობაჯამი ($ მილიარდი)
ორგანიზებული დანაშაული: კორუფცია, ფულის გათეთრება და სხვა1,958
ნარკოტიკის კონტრაბანდა783
ადამიანის ტრეფიკინგი347
ტერორიზმის დაფინანსება12

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.