აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად საპასუხო ტარიფების ამოქმედების ვადა 1-ელ აგვისტომდე გადაიწია. აქამდე არსებული ვადების გათვალისწინებით, აშშ-ის ტარიფები 9 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს დონალდ ტრამპმა მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა, რასაც „განთავისუფლების დღის“ ტარიფები ეწოდა. ტრამპის ინიციატივა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ევროკავშირისთვის 20%-იანი, ჩინეთისთვის 34%-იანი, იაპონიისათვის 24%-იანი, სახელმწიფოთა უმეტესობისთვის კი 10%-იანი ტარიფების დაწესება.
ტრამპის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო ლიდერებში, ასევე მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე საფონდო ბირჟებზე სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და აღნიშნული მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებმა დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოთქვეს, რათა გონივრულ რიცხვზე შეთანხმებულიყვნენ. დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების წარმოების შეთავაზება მიიღო და ტარიფების ძალაში შესვლის ვადა რამდენჯერმე გადასწია.
როგორც ჩანს, საქმე ამჯერადაც იმავე პროცესს ეხება. სახელმწიფოების უმეტესობას აშშ-სთან სატარიფო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა ვადის კიდევ ერთხელ გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა იაპონიის, სამხრეთ კორეისა და კიდევ 12 სახელმწიფოს მისამართით მუქარა გააჟღერა, რომ მათ ვადის გასვლის შემდეგ დამატებით 25%-იან ტარიფებს დაუწესებდა.
აშშ-ის პრეზიდენტი სატარიფო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. მისი განცხადებით, 1-ელი აგვისტოს ვადა შესაძლოა ამჯერად საბოლოო აღმოჩნდეს.