ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $122,490 შეადგინა. კრიპტოვალუტა ამჟამად $122,130-ად ივაჭრება. Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია აღნიშნული ზრდის შედეგად $2.42 ტრილიონს გაუტოლდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
შედარებისათვის, კრიპტოაქტივების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3.8 ტრილიონს შეადგენს. ამჟამად მიმოქცევაში 19.89 მილიონი ბიტკოინია, მაქსიმალური მიწოდება კი 21 მილიონი ერთეული ბიტკოინი იქნება. მხოლოდ მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 29.3%-ითაა გაზრდილი.
მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ზრდა აშშ-ში კრიპტოაქტივების რეგულაციების დამტკიცების დამსახურებად მიიჩნევა, რაც ქვეყანაში კრიპტოაქტივებისათვის მეგობრული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზოგადად, საფონდო ბირჟებისა და კრიპტოვალუტების ფასის ზრდაზე ბოლო პერიოდში გავლენა აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფების გადავადებამაც იქონია.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, Bitcoin-ის ზრდაზე გავლენას ზოგადად აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის შესუსტებაც ახდენს. დოლარის დასუსტება კი Bitcoin-თან მის გაცვლით კურსს ზრდის.
თავად კრიპტოინვესტორები ზრდის ერთ-ერთ მიზეზად Bitcoin-ით ტრადიციული ფინანსური ფირმების დაინტერესებასაც ასახელებენ. რამდენიმე კვირის წინ JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიდი ხნის კრიპტოკრიტიკოსმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ მისი ბანკი მომხმარებლებს Bitcoin-ის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემდა. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Coinbase-ი ამერიკის ხუთასი უმსხვილესი კომპანიის ინდექსში, S&P 500-ში დაამატეს.