ეროვნულმა სააქციო საზოგადოება „უკრაინის ნაფტოგაზმა“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან, ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის პირველი სატესტო მიწოდება ბულგარეთ-რუმინეთ-უკრაინის დერეფნის გავლით, ტრანსბალკანური მარშრუტით განხორციელდება.
„ეს არის პატარა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისია“, – ასე შეაფასა აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმება „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგიი კორეცკიმ და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ენერგორესურსების წარმატებული დივერსიფიკაციისა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა მკაცრად აკონტროლებს იმპორტირებული გაზის წარმოშობას, რათა ქვეყანა რუსული საწვავის მიწოდებისგან დაიცვას. Reuters-ის წყაროს თქმით, ბუნებრივი აირი, რომელსაც უკრაინა ტრანსბალკანური მარშრუტით მიიღებს, სრულად აზერბაიჯანულია.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი განმეორებითი დარტყმების გამო, უკრაინაში ბუნებრივი აირის შიდა წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად, ომში მყოფი ქვეყანა წელს ევროპისა და არამარტო ევროპის ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით გაზის იმპორტს გეგმავს. აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება უკრაინისთვის პირველია.
მიმდინარე წლის მაისში უკრაინის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა ბუნებრივი აირის იმპორტის ახალი მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც ქვეყანას, ტრანსბალკანური მილსადენით საბერძნეთიდან უკრაინაში მიწოდებული გაზის ტრანზიტის მაღალ საფასურს თავიდან ააცილებს. უკრაინა გაზის იმპორტს სლოვაკეთისა და უნგრეთის გავლით ახორციელებს, თუმცა სამხრეთის მარშრუტს მაღალი ტრანზიტის ტარიფების გამო არ იყენებს.
უკრაინული ანალიტიკური ფირმა ExPro-ს 17 ივლისის მონაცემებით, უკრაინა მიწისქვეშა საცავებში 9 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს ინახავს, ხოლო 2025/26 წლების ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვებას გეგმავს. ანგარიშის თაანხმად, რეზერვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ითაა შემცირებული, რაც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.