ფინეთმა წყალქვეშა კაბელების გადაჭრისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

ფინეთმა წყალქვეშა კაბელების გადაჭრისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

ფინეთის ეროვნული პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში წყალქვეშა კაბელების გადაჭრისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბერში კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Eagle S-მა ფინეთის ყურეში ენერგო- და ინტერნეტკაბელები გადაჭრა, რის გამოც სხვა პირებთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ფინეთის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ბრალი წარედგინათ გემის კაპიტანს, პირველ და მეორე ოფიცრებს. ცნობილია, რომ გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. ბრალი კი ფინეთის პროკურატურამ საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეებს წარუდგინა. შესაბამისად, უცნობია პირველ და მეორე ოფიცრებს შორის არის თუ არა იანვარში დაკავებული საქართველოს მეორე მოქალაქეც.

ფინეთის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი საბოტაჟის მოწყობასა და ტელეკომუნიკაციის სისტემებში ჩარევას ითვალისწინებს. პროკურატურის განმარტებით, გემი Eagle S-ი, რომელიც რუსეთიდან დაიძრა და ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა, ეჭვმიტანილია ფინეთის ყურეში ხუთი სხვადასხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე კაბელის გადაჭრაში ღუზის გამოყენებით. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, გემმა ჩაწეული ღუზით 90 კილომეტრი გაიარა, რის გამოც აღნიშნული კაბელები დაზიანდა.

პროკურატურის განცხადებით, კაბელების მფლობელ კომპანიებს შეკეთების ხარჯების სახით 60 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მიადგათ. გარდა ამისა, ელექტრო- და სატელეკომუნიკაციო კაბელების დაზიანებამ ფინეთში ენერგომიწოდებისა და უწყვეტი ტელეკომუნიკაციის შეფერხების საშიშროება შექმნა, თუმცა მიწოდება ალტერნატიული ქსელის გამოყენებით არ შეჩერებულა.

ფინეთის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ ფინეთს აღნიშნული საქმის გამოძიების იურისდიქცია არ გააჩნია, რადგან შემთხვევა ფინეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა. ბრალდებულების პოზიციას იურისდიქციასთან დაკავშირებით ადასტურებს გემის მფლობელი კომპანია Caravella-ც, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების თავისუფალ ზონაშია რეგისტრირებული. ჰელსინკის საოლქო სასამართლო საქმის შინაარსობრივ დეტალებთან ერთად იურისდიქციის საკითხზეც იმსჯელებს.

ფინეთის საგამოძიებო უწყებებმა გემი გასული წლის დეკემბერში დააკავეს და განაცხადეს, რომ ზღვის ფსკერზე ათეულობით კილომეტრის სიგრძის კვალი იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გემს გადაადგილების დროს ღუზა ჩაშვებული ჰქონდა. აღნიშნულის კვალი ფინეთის საგამოძიებო უწყებებმა მომხდარიდან მალევე აღმოაჩინეს. გემების მონიტორინგის გლობალური პლატფორმის, Marine Traffic-ის ინფორმაციით, იმ მომენტში, როდესაც ელექტროკაბელზე ზემოქმედება დაფიქსირდა, გემმა სიჩქარე მნიშვნელოვნად შეამცირა.

ცნობისთვის, ენერგოკაბელი EstLink 2 ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელია.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.