ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში 10%-იანი წილის შეძენას განიხილავს - Bloomberg

ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში 10%-იანი წილის შეძენას განიხილავს - Bloomberg

Bloomberg News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩიპების მწარმოებელ Intel-ში 10%-იანი წილის შეძენას განიხილავს. აღნიშნულის განხორციელება კომპანიის „ჩიპების აქტის“ გრანტის სააქციო კაპიტალად გარდაქმნით იგეგმება.

აშშ-ის ფედერალური მხარდაჭერის მოლოდინის მიუხედავად, კომპანიის აქციათა ფასები გუშინდელ სავაჭრო დღეს საფონდო ბირჟაზე 3.7%-ით შემცირდა. ცნობისათვის, კომპანია გასული წლების განმავლობაში კაპიტალის ბაზარზე დაღმასვლას განიცდის. ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის აქციათ ფასი 51.99%-ით შემცირდა.

Intel-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $103.56 მილიარდს შეადგენს. მისი 10%-იანი წილის ღირებულება კი $10.3 მილიარდი იქნება. შეგახსენებთ, რომ Intel-ის მიერ მოპოვებული „ჩიპების აქტის“ სახელმწიფო გრანტის კომბინირებული მოცულობაც სწორედ დაახლოებით $10 მილიარდია. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტი კომპანიის 10%-იანი წილის შესაძენად საკმარისი იქნება. Intel-მა „ჩიპების აქტის“ გრანტი კომერციული და სამხედრო მოხმარების ჩიპების წარმოებისთვის მოიპოვა.

Bloomberg News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.

აშშ-ის მთავრობის მიერ Intel-ის აქციების შესყიდვის შესახებ ცნობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპი კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ლიპ-ბუ ტანს შეხვდა. ცნობისათვის, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი ლიპ-ბუ ტანის გადადგომას ითხოვდა, რისი მიზეზიც ჩინეთთან მისი სავარაუდო კავშირები გახლდათ.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიისათვის ფედერალური მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს და Intel-მა ინვესტორების ყურადღება მიიპყროს.