ნორვეგიის მრავალმილიარდიანი სამხედრო და სამოქალაქო დახმარება, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად, მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.
კიევში ზელენსკისთან ერთად გამოჩენისას, სტიორემ, რომლის ქვეყანაც რუსეთს ესაზღვრება, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა „კრიტიკულ ევროპულ პრინციპებს“ იცავს მაშინ, როდესაც მოსკოვს თავისი ტერიტორიების მიტაცების უფლებას არ აძლევს. სტიორემ, გერმანიასთან თანამშრომლობით, Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემის დაფინანსებაში მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ოსლო კიევს საჰაერო თავდაცვის რადარის შეძენაშიც ეხმარება.
ამასთან ერთად კვირას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ნორვეგიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დაახლოებით 593 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც განაცხადა.
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინისთვის დამატებით 1.24 მილიარდი ევროს გამოყოფა დააანონსა კანადის პრემიერმა მარკ კარნიმ. წინა დღეს კიევს NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც ეწვია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა ქვეყანაში სამხედროების გაგზავნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
უკრაინაში სამშვიდობო სამხედროების განლაგებაზე მოლაპარაკებებს ევროპის ცალკეული ქვეყნები აწარმოებენ. ამ მიზნით, თებერვალში, 31 სახელმწიფოსგან შემდგარი „ნების კოალიცია“ შეიქმნა. კოალიციაში შემავალი ქვეყნები, რუსეთის შემდგომი თავდასხმების შესაკავებლად, უკრაინაში თავიანთი სამხედროების გაგზავნას განიხილავენ.