აშშ-მა ჩინეთთან TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწია

აშშ-მა ჩინეთთან TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის მადრიდში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებებისას, მხარებმა TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, სოციალური მედიის პლატფორმა აშშ-ში აღარ გაითიშება. ამის შესახებ, აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბესენტის თქმით, შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი მოახლოებულმა დედლაინმა ითამაშა. ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შიდა პირისთვის მიყიდვისთვის მიცემული ვადა 17 სექტემბერს ეწურებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოპულარული პლატფორმა აშშ-ში გაითიშებოდა. გუშინ მიღწეული შეთანხმებით, ეს ვადა, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ, დამატებით 90 დღით გახანგრძლივდება.

აშშ-ის ხაზინადრის განცხადებითვე, შეერთებული შტატების მთავრობისთვის მთავარი – ეროვნული უსაფრთხოებაა. გამომდინარე აქედან, გარიგების კომერციული პირობების დაზუსტების შემდეგ, TikTok-ი იმ კულტურულ ასპექტებს, რომლებიც ჩინელი  მომლაპარაკებლების ინტერესებშია, შეინარჩუნებს.

TikTok-ზე ჩინეთთან შეთანხმების მიღწევას სოციალური ქსელის, Truth Social-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ტრამპის ინფორმაციით, ის ამ საკითხს პარასკევს, თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს.

საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.