გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა „ხელოვნური ინტელექტის რბოლაში“ ჩინეთის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ ჰუანგმა FT-ის AI-მომავლის სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გაიმარჯვებს“, – განაცხადა სამიტზე Nvidia-ს ხელმძღვანელმა და თავისი პროგნოზი აშშ-სთან შედარებით ჩინეთის დაბალი ენერგოხარჯებითა და მსუბუქი რეგულაციებით ახსნა. თუმცა FT-ის მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, იმავე საკითხზე Nvidia-მ ჰუანგის ცალკე განცხადებაც გაავრცელა.
„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობ, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აშშ-ს ნანოწამებით ჩამორჩება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწრაფი წინსვლისა და საუკეთესო AI-ტალანტების მოზიდვის წყალობით გაიმარჯვოს“, – ვკითხულობთ პლატფორმა X-ზე Nvidia-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ჰუანგმა გასულ თვეშიც ისაუბრა. მისი მაშინდელი შეფასებით, აშშ-ს შეუძლია ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლაში გამარჯვება, თუ მსოფლიო, მათ შორის ჩინეთის უზარმაზარი დეველოპერული ბაზა, Nvidia-ს სისტემებზე იმუშავებს. თუმცა ჩინეთის მთავრობის მიერ ქვეყნის ბაზრიდან Nvidia-ს გამორიცხვას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
„ჩვენ გვსურს, რომ ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ამერიკამ გაიმარჯვოს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ გვსურს, რომ სამყარო ამერიკულ ტექნოლოგიურ ბაზაზე იყოს აგებული. აბსოლუტურად ასეა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ ჩინეთში, რათა მათი დეველოპერების გადმობირება მოვახერხოთ“, – თქვა ჰუანგმა გასულ თვეში ვაშინგტონში Nvidia-ს დეველოპერების კონფერენციაზე.















