რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თავისი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორა. პუტინის განცხადებით, მოსკოვს სურს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები აღიაროს, სხვა შემთხვევაში კი უკრაინასთან მოლაპარაკებით ან შეტევების ინტენსივობის შენელებით დაინტერესებული არ არის.
„უკრაინის ჯარები მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ და შემდეგ შეწყდება ბრძოლა. თუ ისინი არ გავლენ, მაშინ მიზანს სამხედრო ძალის გამოყენებით მივაღწევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა ყირგიზეთში.
უკრაინამ, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, მოსკოვს მოუწოდა, ქვეყანა ჯერ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და ამის შემდეგ კიევთან პირისპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, პუტინმა ეს შესაძლებლობაც უარყო და დასძინა, რომ ის ამ საკითხს მხოლოდ აშშ-სთან განიხილავს, ხოლო „უკრაინის ხელმძღვანელობით დოკუმენტების ხელმოწერა არაფრის მომცემია“.
პარალელურად, უკრაინულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან ამ კვირაში ერთობლივი მუშაობის გაგრძელება დააანონსა. შეხვედრების დროს, ჟენევის სამიტზე მიღწეული პროგრესი განიხილება. „მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ პროდუქტიულობა და სწრაფად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა „ჩვენი ძირითადი საერთო მიზანი უცვლელი რჩება: რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ უკრაინისთვის ხანგრძლივ და ღირსეულ მშვიდობას“.
კვირის დასაწყისში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებები გამართეს. კრემლმა ტრამპის ადმინისტრაციის გარდა სხვა მხარეებთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა, უარყო მტკიცებები, რომ რუსეთი ევროპის ქვეყნებზე თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის თავდაუსხმელობის გარანტია ოფიციალურად, წერილობით გააფორმოს. პუტინის განცხადებით, დასავლურმა ქვეყნებმა თავიანთი მოსახლეობა თავადვე დააშინეს მაშინ, როდესაც მოსკოვს ევროპის მიმართ აგრესიული გეგმები არა აქვს და გარანტიებისთვისაც მზად არის.















