უიტკოფი და კუშნერი უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში პუტინს შეხვდებიან

უიტკოფი და კუშნერი უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში პუტინს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ განხორციელებული მცდელობები ჯერჯერობით შედეგის მომტანი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მედიაში გაჟონა ომის დასრულების 28-პუნქტიანმა ამერიკულმა გეგმამ, რომელიც ევროპული სახელმწიფოებისა და უკრინისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. გეგმამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების დიდ ნაწილში, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ის, ერთი შეხედვით, მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებდა.

შესაბამისად, ევროპულმა სახელმწიფოებმა სამშვიდობო გეგმის კონტრშეთავაზება მოამზადეს და შეერთებულ შტატებს ჟენევაში წარუდგინეს. აშშ-ისა და უკრაინის განცხადებით, მხარეები გაუმჯობესებულ გეგმაზე მუშაობენ.

სამშვიდობო პროცესს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გეგმის კონკრეტულ პუნქტებზე საუბარი ნაადრევია. მისი განმარტებით, რუსულმა მხარემ მკაფიოდ წარმოაჩინა საკუთარი მოთხოვნები, რაც მომავალში უნდა გახდეს გეგმის შედგენისა და, შესაბამისად, შეთანხმების გაფორმების წინაპირობა.

პუტინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა თუკი უკრაინა შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვის, მისი არმია წინსვლას განაგრძობს. ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19%-ს აკონტროლებს.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინს, უიტკოფსა და კუშნერს შორის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.