Hermès-ის მემკვიდრე ფრანგ მილიარდერ ბერნარ არნოს და LVMH-ს უჩივის

Hermès-ის მემკვიდრე ფრანგ მილიარდერ ბერნარ არნოს და LVMH-ს უჩივის

Hermès-ის მემკვიდრე ნიკოლა პუეში ფრანგულ კონგლომერატ LVMH-სა და მის მილიარდერ თავმჯდომარეს, ბერნარ არნოს უჩივის. პუეშის მტკიცებით, ფრანგული მოდის სახლში მის საკუთრებაში არსებული 6 მილიონამდე აქცია მისი ნებართვის გარეშე გაასხვისეს.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, პუეში არნოსა და LVMH-სთან ერთად, თავისი ქონების ყოფილ განმკარგველს, ერიკ ფრეიმონდსა და მასთან დაკავშირებულ ჰოლდინგსაც უჩივის. თუმცა ფრეიმონდი, გასულ წელს, შვეიცარიაში, მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება LVMH-ს, კომპანიამ Reuters-თან წაყენებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ Hermes International-ის აქციები უნებართვოდ არასდროს მიუთვისებია.

ნიკოლა პუეშის მტკიცებით, დაახლოებით 10 წლის წინ, მაშინ როდესაც LVMH-მ ჩანთების მწარმოებელ ბრენდ Birkin-ში ინვესტირება დაიწყო, ფრეიმონდმა მისგან უნებართვოდ, აქციები თავის საკუთრებაში არსებულ საოჯახო კომპანიაში გადაიტანა. სარჩელის თანახმად, საუბარია Hermès-ის 6 მილიონამდე აქციაზე, რომელთა ჯამური ღირებულება დღეის მონაცემებით $16 მილიარდს აღწევს. საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად მხოლოდ ფრეიმონდის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ფრანგულ კონგლომერატ LVMH-ის დამფუძნებელი ბერნარ არნო, $188.5 მილიარდის ქონებით მსოფლიოს მე-5 უმდიდრესი ადამიანია. არნო Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის ხუთეულში ერთადერთი არაამერიკელი წევრიცაა. ხოლო Hermès-ის მემკვიდრის, ნიკოლა პუეშის ქონებას Forbes-ი $15.6 მილიარდად აფასებს. 82 წლის პუეში, ამჟამად, Hermès-ის 5%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, როგორც მან გასულ წელს განაცხადა, გარდაცვალების შემდეგ ქონების დიდი ნაწილის თავისი მებაღისთვის დატოვებას აპირებს.