ყოველწლიურად ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერები აუქციონებზე იშვიათ ნიმუშებზე ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ, რათა საკუთარი კოლექცია გაამდიდრონ. აღნიშნული ნიმუშების მაღალი ღირებულება არა მხოლოდ ნამუშევრების კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ ის სტატუსის განმსაზღვრელიც ხდება.
სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების რეიტინგს, რომლებიც სხვადასხვა დროს გაყიდული ნამუშევრების 20-ეულს აერთიანებს. რეიტინგი დაფუძნებულია ARTnews-ის მონაცემებზე.
სიაში პირველ ადგილს იტალიელი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) იკავებს, რომლის ღირებულებაც $450.3 მილიონია. მეორე პოზიციაზე კი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევარი „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტია”. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის ღირებულება 2025 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე $236.4 მილიონად შეფასდა.
მესამე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის მიერ პოპკულტურის სტილში შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტია, რომლის ღირებულებაც $195 მილიონს შეადგენს. რეიტინგის მეოთხე და მეხუთე პოზიციებს პაბლო პიკასოსა და ამედეო მოდილიანის ფერწერული ტილოები „ალჟირელი ქალები“ და „მწოლიარე ნიუ“ იკავებენ.
აუქციონებზე გატანილი ნამუშევრების ფასები ხშირ შემთხვევაში ხელოვანის რეპუტაციით, კულტურული ზეგავლენით, წარმომავლობითა და იშვიათობითაა განპირობებული. ისტორიულად მნიშვნელოვან ნამუშევრებში ან წარსულში პრესტიჟულ კოლექციებში დაცულ ნახატებში აუქციონერები დიდ თანხას იხდიან.
სოციალური სტატუსის გარდა, კოლექციონერებისთვის ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები კარგ საინვესტიციო შესაძლებლობასაც წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ყველა ნიმუში ყოველთვის აუქციონის გზით არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ Sotheby’s-ის, Christie’s-ისა და Phillips-ის სააუქციონო სახლები რეკორდულ გაყიდვებს აფიქსირებენ, მნიშვნელოვანი ნამუშევრების ნაწილი კერძო გარიგებებით სხვისდება. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ ხერხს სააუქციონო სახლების საკომისიო გადასახადის თავის არიდებისთვის მიმართავენ.
20 ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშიდან 19 ნახატია და მხოლოდ ერთია ქანდაკება. შვეიცარიელი მოქანდაკის ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევარი რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს და მისი ღირებულება $141.3 მილიონია.
| რეიტინგი | ნამუშევარი | ხელოვანი | ღირებულება (აშშ დოლარი) |
| 1 | სამყაროს მხსნელი | ლეონარდო და ვინჩი | 450,300,000 |
| 2 | ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი | გუსტავ კლიმტი | 236,400,000 |
| 3 | მერილინ მონროს ლურჯი პორტრეტი | ენდი უორჰოლი | 195,000,000 |
| 4 | ალჟირელი ქალები (ვერსია ‘O’) | პაბლო პიკასო | 179,400,000 |
| 5 | მწოლიარე ნიუ | ამედეო მოდილიანი | 170,400,000 |
| 6 | მწოლიარე ნიუ (მარცხენა მხრიდან) | ამედეო მოდილიანი | 157,200,000 |
| 7 | მოდელები (პატარა ვერსია) | ჟორჟ სიორა | 149,200,000 |
| 8 | ლუსიენ ფროიდის სამი კვლევა | ფრენსის ბეკონი | 142,400,000 |
| 9 | მიმთითებელი კაცი | ალბერტო ჯაკომეტი | 141,300,000 |
| 10 | პეიზაჟის თორმეტი სცენა | ცი ბაიში | 140,800,000 |
| 11 | ქალი საათით | პაბლო პიკასო | 139,300,000 |
| 12 | სენტ-ვიქტუარის მთა | პოლ სეზანი | 137,700,000 |
| 13 | სინათლის იმპერია | რენე მაგრიტი | 121,160,000 |
| 14 | კივილი | ედუარდ მუნკი | 119,900,000 |
| 15 | ბაღი კვიპაროსებით | ვინსენტ ვან გოგი | 117,620,000 |
| 16 | ახალგაზრდა ქალი ყვავილების კალათით | პაბლო პიკასო | 115,000,000 |
| 17 | წისქვილები | კლოდ მონე | 110,700,000 |
| 18 | სათაურის გარეშე | ჟან-მიშელ ბასკია | 110,500,000 |
| 19 | ქალი მარაოთი | გუსტავ კლიმტი | 108,400,000 |
| 20 | ნიუ, მწვანე ფოთლები და ბიუსტი | პაბლო პიკასო | 106,500,000 |
















