ჩინურმა ByteDance-მა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად აშშ-ში TikTok-ის ოპერაციებზე კონტროლი ამერიკელ და გლობალურ ინვესტორებს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ByteDance-მა თავი აარიდა აშშ-ში ჩინური აპლიკაციის აკრძალვას.
შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში TikTok-ი აიკრძალებოდა თუკი ჩინური კომპანია საკუთარი ბიზნესის ამერიკელ ინვესტორებზე გასხვისებაზე უარს იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები მიეღო. თუმცა გასხვისების პროცესი თვეები გაიწელა. დონალდ ტრამპმა პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმის აკრძალვის თარიღი რამდენჯერმე გადაავადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ByteDance-ს შესთავაზეს, რომ აშშ-ში დაფუძნდებოდა საერთო კომპანია, რომლის გარკვეულ წილსაც თავად ჩინური ფირმაც შეინარჩუნებდა. თუმცა წილის უმეტესობა ამერიკელი და გლობალური ინვესტორების ხელში უნდა ყოფილიყო. გარიგების თანახმად, Oracle-ი, Silver Lake-ი და MGX-ი ახალ ერთობლივ კომპანიაში 80.1%-ს გააკონტროლებენ, ByteDance-ის წილი კი 19.9% იქნება.
შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის მთავარი მიზეზი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები იყო, რომელთა თანახმად, აპლიკაცია ჩინეთის მთავრობას ამერიკელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორის, შოუ ჩიუს განცხადებით, ახალი კომპანია დამოუკიდებელ ერთეულად იფუნქციონირებს, რომელსაც ექნება აშშ-ის მონაცემთა დაცვის, ალგორითმის უსაფრთხოების, კონტენტის მოდერაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების ვალდებულება.














