2025 წელი ამერიკული უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისათვის საკმაოდ რთული გამოდგა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ამერიკულ უნივერსიტეტებზე არაერთი ფინანსური თუ ადმინისტრაციული შეზღუდვა გაავრცელეს.
აკრძალვებსა და შეზღუდვებს შორისაა კვლევების მიმართულებით დაფინანსების შეწყვეტა, DEI-პროგრამების აკრძალვა, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის კონტროლი, სტუდენტური სესხის პროგრამების შემცირება და სხვა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვებისა, ამერიკული უნივერსიტეტები მაინც მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას იძლევიან. ამერიკულმა Forbes-მა 14 სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით შექმნა 500 ამერიკული უნივერსიტეტის რეიტინგი, რომლებიც სტუდენტებს საუკეთესო ხარისხის განათლებას, ფინანსურ და კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობენ.
რეიტინგში პირველ ადგილზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომლის კურსდამთავრებულების მედიანური ანაზღაურებაც სწავლის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ აშშ-ში $110,200-ია. გარდა ამისა, აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას პირველი წლის შემდეგ სტუდენტების 99.8% აგრძელებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი კერძო უნივერსიტეტია, სადაც სწავლის გრანტის საშუალო მოცულობა $58,331-ს შეადგენს. უნივერსიტეტში მიღების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. 2026 სასწავლო წლისთვის MIT-მ 33,000 აპლიკანტიდან მხოლოდ 3.9% მიიღო.
Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციას კოლუმბიის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც MIT-ის მსგავსად კერძო უნივერსიტეტია. კოლუმბიის უნივერსიტეტში გრანტის საშუალო მოცულობა $65,173-ია. მესამე საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი კი Forbes-მა პრინსტონის უნივერსიტეტს მიანიჭა, რომელიც აშშ-ის მეოთხე ყველაზე ძველი სასწავლებელია. აღნიშნულ უნივერსიტეტში სტუდენტებს 37 სხვადასხვა პროფესიის დაუფლება და 50-ზე მეტ სასერტიფიკაციო პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ. აქ გრანტის საშუალო მოცულობა $60,629-ია. რეიტინგის მეოთხე და მეხუთე პოზიციებს სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები იკავებენ. ამ უკანასკნელს ნობელის პრემიის 35 ლაურეატი კურსმდამთავრებული ჰყავს.
Forbes-ის თანახმად, ტოპ-10 ამერიკული უნივერსიტეტის სია ასე გამოიყურება:
| რეიტინგი | უნივერსიტეტი | შტატი | ტიპი | გრანტის საშუალო მოცულობა |
| 1 | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | MA | კერძო | $58,331 |
| 2 | კოლუმბიის უნივერსიტეტი | NY | კერძო | $65,173 |
| 3 | პრინსტონის უნივერსტიტეტი | NJ | კერძო | $60,629 |
| 4 | სტენფორდის უნივერსიტეტი | CA | კერძო | $64,164 |
| 5 | კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი | CA | საჯარო | $25,951 |
| 6 | ჰარვარდის უნივერსიტეტი | MA | კერძო | $64,942 |
| 7 | უილიამსის კოლეჯი | MA | კერძო | $64,176 |
| 8 | ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი | MD | კერძო | $58,456 |
| 9 | იელის უნივერსიტეტი | CT | კერძო | $59,076 |
| 10 | პენსილვანიის უნივერსიტეტი | PA | კერძო | $59,721 |

















