აშშ-მა ჩინეთისთვის ჩიპების ტარიფების დაწესება 2027 წლის ივნისამდე გადაავადა

აშშ-მა ჩინეთისთვის ჩიპების ტარიფების დაწესება 2027 წლის ივნისამდე გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩიპების ინდუსტრიაში დომინირებისადმი ჩინეთის „არაგონივრული“ მისწრაფების შესაჩერებლად, ჩინური ნახევარგამტარების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება 2027 წლის ივნისამდე გადავადდება.

აღნიშნული ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს დაწყებულ გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღეს, რომელიც ჩინეთის ექსპორტში უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკას იკვლევდა.

ტრამპის ადმინისტრაციის განმარტებით, ტარიფების მოცულობა მის ამოქმედებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო. „ვაჭრობისა და ტექნოლოგიური საკითხების პოლიტიზება, ინსტრუმენტალიზაცია და ვეპონიზაცია, ასევე გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვების დესტაბილიზაცია სარგებელს არავის მოუტანს და დროთა განმავლობაში მას უკუეფექტი ექნება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები“ – ვკითხულობთ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური მიმომხილველების მოსაზრებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ იშვიათი მიწა-მეტალების ექსპორტის შეზღუდვის საპასუხო ქმედებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა პარალელურად მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, აშშ-მა შავ სიაში შეყვანილი ჩინური კომპანიებისათვის ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტი აკრძალა.

ცნობისათვის, ჩინური ნახევარგამტარების იმპორტზე 50%-იანი ტარიფები პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დააწესა, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.