ვენესუელის ნავთობის მარაგების შედარება მსოფლიოს მარაგებთან

ვენესუელის ნავთობის მარაგების შედარება მსოფლიოს მარაგებთან

ვენესუელა ნავთობის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მისი როლი გლობალურ ენერგობაზრებზე ბოლო წლების განმავლობაში ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც ათწლეულების წინ იყო.

მაშინ როდესაც აშშ, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები ნავთობმოპოვებით მოწინავე სახელმწიფოები არიან, ვენესუელაში მოპოვება ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა. სტატიაში წარმოგიდგენთ ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე სახელმწიფოების რეიტინგს და მათ შედარებას ვენესუელის რესურსებთან. მონაცემები აღებულია „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“ (OPEC) 2025 წლის ანგარიშიდან.

როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი სამხრეთამერიკულ სახელმწიფოს აქვს. ვენესუელის მარაგები 2024 წლის მონაცემებით 303,221 მილიარდ ბარელს შეადგენდა, რაც გლობალური მარაგების 17%-ს წარმოადგენს. ვენესუელის ნავთობმარაგების უმეტესობა „ორინოკოს სარტყელშია“ კონცენტრირებული, რომელიც მდინარე ორინოკოს აუზსა და დელტას, ასევე ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს აერთიანებს. აქ წარმოდგენილი ტიპის ნავთობი შედარებით მძიმეა, მისი მოპოვება კი უფრო ძვირი ჯდება და განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ყველაზე დიდი ნავთობმარაგებისა, 2024 წლის ნავთობის მოპოვების რეიტინგში ვენესუელას მხოლოდ 21-ე ადგილი ეკავა. 2024-ში ქვეყანა ყოველდღიურად 960,000 ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

ნავთობის მოპოვება ვენესუელაში პიკში 1970-იან წლებში იყო, როდესაც ქვეყანა ყოველდღიურად 3.5 მილიონ ბარელს მოიპოვებდა, რაც გლობალური გამომუშავების 7%-ს შეადგენდა. მოპოვება 2010-იან წლებში დაეცა და შარშან საშუალოდ დღიურად 1.1 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც გლობალური გამომუშავების დაახლოებით 1%-ს  წარმოადგენს.

მოპოვების შემცირებას სხვადასხვა – პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური – მიზეზი აქვს. ათწლეულების განმავლობაში ინდუსტრიის შეუსაბამოდ მართვამ, კორუფციის მაღალმა დონემ, ინვესტიციების ნაკლებობამ და საერთაშორისო სანქციებმა ვენესუელის ნავთობინდუსტრია თითქმის სრულად გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასავლური ნავთობკომპანიები, მაგალითად, Chevron-ი, კვლავ ოპერირებენ, სანქციების გაფართოებასთან ერთად მათი დატვირთვაც სულ უფრო შემცირდა.

თუმცა ვენესუელა კვლავ ფლობს ნავთობის უდიდეს მარაგებს, შესაბამისად, სწორი მენეჯმენტისა და ინვესტიციების, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შემთხვევაში, ამ რესურსების გამოყენება ეფექტიანად შეიძლება.

ცნობისათვის, ვენესუელა ირანთან, ერაყთან, ქუვეითთან და საუდის არაბეთთან ერთად OPEC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მისი გავლენა ორგანიზაციაში ამჟამად უმნიშვნელოა.

რეიტინგიქვეყანა2024 (მილიარდი ბარელი)
1ვენესუელა303,221
2საუდის არაბეთი267,200
3ირანი208,600
4კანადა163,000
5ერაყი145,019
6არაბთა გაერთიანებული საამიროები113,000
7ქუვეითი101,500
8რუსეთი80,000
9ლიბია48,363
10აშშ45,014
11ნიგერია37,280
12ყაზახეთი30,000
13ჩინეთი28,182
14კატარი25,244
15ბრაზილია15,894
16ალჟირი12,200
17ეკვადორი8,273
18აზერბაიჯანი7,000
19ნორვეგია6,912
20მექსიკა5,136
21სუდანი5,000
22ინდოეთი4,981
23ომანი4,971
24ვიეტნამი4,400
25ეგვიპტე3,300
26არგენტინა2,999
27მალაიზია2,700
28ანგოლა2,550
29ინდონეზია2,410
30კოლუმბია2,019
31გაბონი2,000
32კონგო1,811
33ავსტრალია1,803
34გაერთიანებული სამეფო1,500
35ბრუნეი1,100
36ეკვატორული გვინეა1,100
37თურქმენეთი600
38უზბეკეთი594
39უკრაინა395
40დანია365
41ბელარუსი198
42ჩილე150

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.