ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის 2025 წლის სექტემბრის კვარტლის წმინდა ზარალმა $1.46 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg News-ი ავრცელებს. შედარებისათვის, კომპანიამ 2025 წლის მეორე კვარტალში $1 მილიარდი იზარალა.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტმებრისთვის xAI-ის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა და $107 მილიონი შეადგინა.
Bloomberg News-ის ინფორმაციას არ ეთანხმება თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანია. Reuters-მა xAI-ის კომენტარის გასაკეთებლად მიმართა, რაზეც კომპანიამ მოკლედ უპასუხა, რომ მედიასაშუალება იტყუებოდა.
Bloomberg News-ის წყაროს თანახმად, AI-სტარტაპმა გასული წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $7.8 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული დახარჯა. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან, როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტის კომპანიები სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის შესაძენად, მონაცემთა ცენტრების გასამართად და სფეროს წამყვანი სპეციალისტების მოსაზიდად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. xAI-ის მიერ დაფიქსირებული ზარალის მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, xAI-მ E-სერიის საინვესტიციო რაუნდში $20 მილიარდი მოიზიდა, რაც დაგეგმილ $15 მილიარდს აღემატება. კომპანია მიღებული ინვესტიციის გამოყენებას ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის განვითარებასა და გამოთვლითი სიმძლავრის ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად აპირებს.
აღნიშნულ საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Valor Equity Partners-ი, Stepstone Group-ი, Qatar Investment Authority, MGX-ი და Baron Capital Group-ი. სტრატეგიულ პარტნიორებს კი Nvidia და Cisco Investments-ი წარმოადგენდნენ. აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვით კომპანიის ღირებულება $230 მილიარდად განისაზღვრა.













