Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ გუშინ $4 ტრილიონს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლის დაფიქსირებაში კომპანიას ხელი მნიშვნელოვანმა სიახლემაც შეუწყო, რომლის თანახმად, Apple-ის AI-მოდელები Google-ის Gemini-ს დაეფუძნება.
12 იანვარს, Alphabet-ის A-კლასის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 1.7%-ით გაიზარდა და $334.04 შეადგინა.
Google-ის ბოლოდროინდელი ზრდის მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის სექტორში კომპანიის წარმატებაა. Apple-თან რამდენიმეწლიანი შეთანხმების გაფორმებაც ამ წარმატების დამსახურებაა. Google-ის AI-მოდელი Gemini ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საინტერესოა, რომ გასულ კვირას საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებით Alphabet-მა 2019 წლის შემდეგ პირველად Apple-ს გადაასწრო და მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. 2025 წელს Alphabet-ის აქციათა ღირებულება საფონდო ბირჟაზე 65%-ით გაიზარდა, რაც „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიების აქციების ფასის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
2025 წელს Alphabet-ის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპანიაში Berkshire Hathaway-ს მიერ იშვიათი ინვესტიციის განხორციელებაცაა.
Alphabet-ი მეოთხე კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციასაც ოდესმე $4-ტრილიონიანი ნიშნულისთვის მიუღწევია. $4-ტრილიონიანი კლუბის წევრებს Nvidia, Alphabet-ი, Apple-ი და Microsoft-ი წარმოადგენენ.
კომპანიას გასულ წელს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა ქლაუდ-სერვისების განვითარებამაც. Google Cloud-ის შემოსავლები გასული წლის მეოთხე კვარტალში 34%-ით, $155 მილიარდამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Alphabet-ისთვის 2026 წელიც წარმატებული იქნება. The Information-ის ინფორმაციით, 2027 წლიდან Meta Google-ის ჩიპებისთვის მრავალმილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს.
















