Forbes: 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

Forbes: 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. გასული წლის სიაში ჯამში 25 არტისტი მოხვდა, რომელთა კოლექტიურმა შემოსავალმაც $1.9 მილიარდს გადააჭარბა, საშუალო შემოსავალმა კი $52 მილიონი შეადგინა. საერთო ჯამში, Forbes-ის 2025 წლის სიაში რვა ქალი და 17 კაცი შემსრულებელი მოხვდა, რომელთაგან 15 პირი, წარსულში, 30 Under 30-ის გამარჯვებულთა შორისაც იყო.

Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რიგებში რამდენიმე მილიარდერიც გვხვდება. მაგალითად, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელიც პირველად Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 2024 წელს, The Eras Tour-ის წყალობით მოხვდა. რეიტინგშია ბიონსეც, რომელმაც მილიარდერის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მოიპოვა.

ამერიკული გამოცემის შეფასებით, 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსი, $298 მილიონით, The Weeknd-ია. კანადელმა შემსრულებელმა გასული წლის იანვარში თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი, Hurry Up Tomorrow, გამოუშვა, რომელიც გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობით Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. ხოლო ნოემბერში, 2026 წლის შოუს ბილეთების წინასწარი გაყიდვის შედეგად, After Hours Til Dawn-ის მთლიანმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

გასულ კვირას, 35 წლის პოპვარსკვლავმა თავისი კატალოგის წილის Lyric Capital-ისთვის მიყიდვის შესახებაც განაცხადა. გარიგების სავარაუდო ღირებულება $1 მილიარდია. თუმცა, შეთანხმების პირობებით, The Weeknd-ი არსებულ მასტერჩანაწერებში წილს შეინარჩუნებს, ისევე როგორც შემოქმედებით კონტროლს მათ გამოყენებაზე.

შედეგად, The Weeknd-ი იმ ექვს მუსიკოსს შორისაა, რომელთაც გასულ წელს ცხრანიშნა შემოსავალი გამოიმუშავეს. დარჩენილი ხუთიდან ოთხის წარმატება ასევე ძირითადად ტურნეების შემოსავალზე მოდის, მათ შორისაა: ბიონსე, Coldplay, შაკირა და კენდრიკ ლამარი. რაც შეეხება სვიფტს, რომელიც $202 მილიონით Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში მეორეა, მისი შემოსავალი უმეტესად ახალ ალბომს, The Life of a Showgirl-ს უკავშირდება, რომელმაც წელი 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის სტატუსით დაასრულა.

ბიონსე კი, რომელიც წელს ათნიშნა ქონების მქონე ოთხ სხვა მუსიკოსს შეუერთდა (სვიფტი, რიანა, ბრიუს სპრინგსტინი და ჯეი-ზი), ის Forbes-ის 2025 წლის ყველაზე შემოსავლიან მომღერლებს შორის მესამეა. ბიონსეს Cowboy Carter Tour-ის 32-კონცერტიანმა ტურნემ $407.6 მილიონი გამოიმუშავა და ქანთრის ჟანრში, Billboard Boxscore-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნე გახდა. ეს წარმატება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბიონსე წელს მილიარდერი გამხდარიყო.

ცნობისთვის, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რეიტინგი 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე (პროგნოზირებული) პერიოდის შემოსავლებს (გადასახადების გარეშე) ეფუძნება. რეიტინგი ითვალისწინებს მხოლოდ თითოეული არტისტის ან ჯგუფის მუსიკოსის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგებში გარე ბიზნესწამოწყებები არ არის შესული. ამერიკული Forbes-ი რეიტინგის შესადგენად Pollstar-ისა და Luminate-ის მონაცემებს იყენებს.

2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

The Weeknd – $298 მილიონი 

The Hollywood Reporter via Getty

ტეილორ სვიფტი – $202 მილიონი 

Getty Images for The Recording Academy

ბიონსე – $148 მილიონი 

Getty Images for The Recording Academy

კენდრიკ ლამარი – $109 მილიონი 

REUTERS/Mike Blake/File Photo

Coldplay – $105 მილიონი 

Kevin Mazur/AMA2015/WireImage

შაკირა – $105 მილიონი 

Getty Images

დრეიკი – $78 მილიონი 

Rolling Stone UK / Getty

კრის ბრაუნი – $74 მილიონი 

Rolling Stone UK / Getty

ზაკ ბრაიანი – $70 მილიონი 

Taylor Hill/Getty Images for ABA.

Bad Bunny – $66 მილიონი 

Dimitrios Kambouris/Getty Images