2021 წლის ოქტომბრიდან გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, ირანმა რუსეთს უკრაინის ომში დასახმარებლად $2.7 მილიარდის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შესყიდვაზე პირველი შეთანხმება 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა. კონტრაქტები მოიცავდა ბალისტიკურ და „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებს, კერძოდ — Fath-360 ტიპის ასობით მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას, ასევე სხვა ტიპის 500-მდე მოკლე რადიუსის ბალისტიკურ და „მიწა-ჰაერის“ კლასის 200-მდე რაკეტას, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, 2023 წლის დასაწყისში ხელმოწერილი $1.75-მილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა ირანისგან მილიონობით ვაზნა და საარტილერიო ჭურვი მიიღო, ასევე Shahed-136 ტიპის „კამიკაძე“ დრონები და რუსეთში „გერან-2“-ის სახელით ცნობილი დრონების დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგია. Bloomberg-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანულ სამხედრო აღჭურვილობაზე $4 მილიარდზე მეტი დახარჯა.
მოსკოვი და თეირანი განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთისთვის აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ დაახლოვდნენ. გასულ წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის პაქტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნებს შორის თავდაცვის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.














