გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილით, ტრამპი დავოსში მიემგზავრება

გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილით, ტრამპი დავოსში მიემგზავრება

პოლიტიკური მიმომხილველების მოსაზრებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოახლოებულ დავოსის ფორუმს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე წნეხის მაქსიმალურად გასაზრდელად გამოიყენებს. დონალდ ტრამპი საკუთარ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში, ქალაქ დავოსისკენ მიემართება, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება და მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

თუმცა დავოსში ჩასვლა ტრამპის ადმინისტრაციისათვის გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული. აშშ-ის პრეზიდენტის სამთავრობო ბორტის აფრენიდან მალევე Air Force One-ს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც თვითმფრინავს უკან დაბრუნდება მოუწია. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტი უკვე შეიცვალა და სათადარიგო თვითმფრინავით შვეიცარიისკენ მიემართება.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში გრენლანდიასთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს და გარკვეული შეთანხმების გაფორმების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. „ვფიქრობ, ისეთ გამოსავალს მოვძებნით, სადაც NATO-ც ბედნიერი იქნება და ჩვენც. მაგრამ ჩვენ ის [გრენლანდია] უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ჩვენ ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპის ოპტიმიზმის მიუხედავად, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ნატოს ლიდერები ტრამპს აფრთხილებენ, რომ მისმა გრენლანდიის სტრატეგიამ შესაძლოა ალიანსის დასუსტება უკვე გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, აქამდე არსებული უთანხმოება ნატოს რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს, რასაც საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ საკუთარი პროპაგანდისათვის დასავლური სამყაროს მტრები.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპმა დავოსში გამგზავრებამდე დიპლომატიური პროტოკოლიც დაარღვია და საფრანგეთის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის მიერ მისთვის პირადი შეტყობინების სახით გაგზავნილი მესიჯები გამოაქვეყნა. ემანუელ მაკრონი ტრამპს პარიზში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ეპატიჟება, სადაც გრენლანდიის საკითხიც განიხილება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ტრამპი პირად სადილზეც მიიწვია და შეახსენა, რომ სირიასა და ირანზე მათ საერთო პოზიცია აქვთ, ამიტომ „ის ვერ ხვდება, რას აკეთებს იგი [ტრამპი] გრენლანდიაზე“.

ტრამპმა გრენლანდიისა და დანიის პოლიტიკური ლიდერების შეთავაზება, ტერიტორიაზე აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ძალების განთავსებასთან დაკავშირებით არაერთხელ უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი არქტიკის სარტყელში კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის სრულად დამყარებაა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.