EU-ს ქვეყნებმა 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის აკრძალვაზე საბოლოო თანხმობა განაცხადეს

EU-ს ქვეყნებმა 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის აკრძალვაზე საბოლოო თანხმობა განაცხადეს

ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვაზე საბოლოო თანხმობა განაცხადეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორშაბათს ბრიუსელში გამართული შეხვედრისას ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა, არასრული მხარდაჭერის მიუხედავად, საბოლოო წესები შეათანხმეს.

ბრიუსელში რუსული გაზის იმპორტზე ახალი წესების კენჭისყრისას, აკრძალვის წინააღმდეგ EU-ს ორი სახელმწიფო – სლოვაკეთი და უნგრეთი წავიდა, ხოლო ბულგარეთმა თავი შეიკავა. უნგრეთმა წესების ევროპის სასამართლოში გასაჩივრების შესახებაც განაცხადა, თუმცა იმპორტზე აკრძალვა კენჭისყრისას უმრავლესობას საჭიროებდა, რაც ბლოკს საშუალებას მისცემს, გადალახოს უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობა. აღნიშნული ქვეყნები კვლავ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული რუსულ ენერგოიმპორტზე და, შესაბამისად, მოსკოვთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეთა შორის არიან.

ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობებით, ბლოკი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე, ხოლო მილსადენებით მიწოდებას 2027 წლის 30 სექტემბრამდე შეაჩერებს. თუმცა წესები აკრძალვის არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრამდე გადაწევის საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ბლოკის ქვეყნებს ზამთრის დადგომამდე მხოლოდ არარუსული გაზით საცავების შევსება გაუჭირდებათ.

ამავდროულად, ბრიუსელში შეთანხმებული წესები რუსული გაზის იმპორტზე ახალი გარიგებების დადებასაც კრძალავს. არსებული კონტრაქტების შემთხვევაში, 2025 წლის 17 ივნისამდე ხელმოწერილი მოკლევადიანი გარიგებებით იმპორტი თხევადი ბუნებრივი აირის შემთხვევაში 2026 წლის 25 მარტს, ხოლო მილსადენებით მიწოდება 17 ივნისს აიკრძალება. გრძელვადიანი კონტრაქტები საბოლოო ვადების დაცვით ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს.