26 იანვრის მონაცემებით, ერთ უნციაზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5,100-ს გადააჭარბა, ხოლო ვერცხლის ღირებულება უნციაზე 8%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და $110-ს გადააჭარბა. ანალიტიკოსები ძვირადღირებულ ლითონებზე ფასების ზრდას ამერიკული დოლარის შესუსტებასა და გაურკვეველ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ.
Capital.com-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, კაილ როდას განცხადებით, ფასების ბოლო ზრდა „აშშ-ის ადმინისტრაციისა და აშშ-ის აქტივების მიმართ ნდობის კრიზისზე“ მიუთითებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული „არასტაბილური გადაწყვეტილებებითაა“ განპირობებული. ეს, მათ შორის, ეხება კანადისა და გრენლანდიის საკითხის გამო ევროპის გარკვეული ქვეყნებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ტარიფის დაწესების მუქარებს.
First Eagle Investment Management-ის პორტფელის მენეჯერმა, მაქს ბელმონტმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ უსაფრთხო აქტივზე ღირებულების ზრდა პასუხია ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა ინფლაცია, ბაზრებზე არაპროგნოზირებადი ვარდნები და გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება. ხოლო Maybank-ის ანალიტიკოსები ლითონებზე ფასის ზრდას გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხსნიან, მათ შორის — ტრამპის გეგმებით ირანთან, ვენესუელასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით.
მართალია, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ნაწილისთვის ტარიფების დაწესების მუქარა ტრამპმა უკან წაიღო, სამაგიეროდ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანადისთვის 100%-იან გადასახადებს კვლავ განიხილავს. ამ შემთხვევაში საქმე ჩინეთსა და კანადას შორის მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც კანადაში იმპორტირებულ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები მკვეთრად, 100%-დან 6.1%-მდე შემცირდება.
ოქროსა და ვერცხლისთვის 2025 წელი რეკორდული აღმოჩნდა. მხოლოდ გასულ წელს ოქროს ფასი 65%-ით, ხოლო ვერცხლის ღირებულება 150%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ლითონებზე ფასის მატება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის — Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი შემცირებით, ასევე ტრამპის ტარიფებითა და არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობით. წარმოდგენილი ფაქტორები ინვესტორებისთვის ოქროსადმი, როგორც „უსაფრთხო აქტივისადმი“, ნდობას ამყარებს.














