წყარო: Getty Images
Financial Times-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი 2026 წლის ივნისში აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს. მასკის კომპანია ინვესტიციის სახით კიდევ $50 მილიარდის მოზიდვას აპირებს, რის შემდეგაც კომპანიის ღირებულება IPO-სთვის $1.5 ტრილიონი იქნება.
ჯერჯერობით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს თავად SpaceX-ი. აღნიშნული სიახლე კომპანიის მიერ IPO-სთვის მანამდე გამოცხადებულ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია IPO-ს $1-ტრილიონიანი ღირებულებით გეგმავდა.
SpaceX-ი IPO-სათვის საჭირო ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად კონსულტაციებს ბანკებთან უკვე გადის და, სავარაუდოდ, პროცესი 2026 წლის ივნისისთვის დასრულდება. კომპანია საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ოთხ ამერიკულ ბანკთან თანამშრომლობს. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის აქციების საჯარო განთავსების პროცედურას შესაძლოა Bank of America-მ, Goldman Sachs-მა, JPMorgan Chase-მა და Morgan Stanley-მ უხელმძღვანელოს.
მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ კომპანიამ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსების უფლება მოიპოვოს, სხვადასხვა სახის ნებართვა სხვადასხვა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გასცეს.
ცნობისთვის, აქამდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა. ყველა სხვა კომპანიას, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც დღეს $1 ტრილიონზე მეტია, ამ ღირებულების მისაღწევად ათწლეულები დასჭირდა.
SpaceX-ის მიზანი IPO-ს შედეგად მიღებული ფინანსების კოსმოსური მონაცემთა ცენტრების აშენებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნახევარგამტარების შესაძენად გამოყენებაა.















