Tesla-მ შემოსავლების პირველი წლიური კლება დააფიქსირა

Tesla-მ შემოსავლების პირველი წლიური კლება დააფიქსირა

ფოტო: David Paul Morris / Bloomberg / Getty Images

 

ისტორიაში პირველად, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ შემოსავლების წლიური კლება დააფიქსირა. FactSet-ის მონაცემებით, 2025 წელს Tesla-მ $94.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის $97.7 მილიარდზე ნაკლებია.

დოკუმენტის თანახმად, შემცირებულია Tesla-ს კვარტალური შემოსავლებიც. კერძოდ, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა $24.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 3.1%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, $25.7 მილიარდს. თუმცა აჭარბებს Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც Tesla-სგან $24.7 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ.

ამავდროულად, დაახლოებით 61%-ითაა შემცირებული Tesla-ს კვარტალური მოგება. 2025 წლის უკანასკნელ სამ თვეში ამერიკული კომპანიის კვარტალურმა წმინდა შემოსავალმა $840 მილიონი შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ $2.1 მილიარდზე.

გასულ კვარტალში მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვიდან Tesla-მ $17.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც Wall Street-ის პროგნოზირებულ $17.8 მილიარდზე ნაკლებია. ხოლო ერთ აქციაზე Tesla-ს შემოსავალმა $0.50 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების $0.45-იან ვარაუდს აღემატება.

შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ღირებულება 3%-ით გაიზარდა. თუმცა Tesla-ს აქციების ფასი, წლიურ ჭრილში, 4%-ზე მეტითაა დავარდნილი.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში Tesla-მ ელექტრომობილების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი დაკარგა. 2025 წელს მან ბაზარს მხოლოდ 1.63 მილიონი ავტომობილი მიაწოდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.5%-ზე მეტით ნაკლებია. იმავე პერიოდში ჩინური BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვები 28%-ით, 2.2 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა და Tesla-ს წლიურ გაყიდვების მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა.