ფოტო: Getty Images
ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის, დასაქმებულთა ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში სრულ განაკვეთზე მომუშავეთა საშუალო ანაზღაურება ამერიკის შეერთებული შტატებისას (წლიურად საშუალოდ $74,738) უტოლდება, არის ქვეყნები, რომლებიც წელიწადში დასაქმებულებს 20,000 ევროზე (≈$23,800) ნაკლებს უხდიან.
ევროსტატისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა სრულ განაკვეთზე მომუშავეთა საშუალო წლიური ანაზღაურების მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა. მოცემულ რეიტინგში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემები გადაყვანილია ევროში, შესაბამისი 2024 წლის გაცვლითი კურსის გამოყენებით.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, სრულ განაკვეთზე მომუშავეთა საშუალო წლიური ანაზღაურებით პირველ ადგილზე ევროპის ქვეყნებს შორის ლუქსემბურგია. ლუქსემბურგში სრულ განაკვეთზე დასაქმებული წელიწადში 83,000 ევროს გამოიმუშავებს, რაც მას მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუშახელის მქონე სახელმწიფოებში მე-10 ადგილზე ათავსებს. გარდა იმისა, რომ ლუქსემბურგში რიგი ინდუსტრიები, მათ შორის IT და ფინანსები, მაღალანაზღაურებადი სფეროებია, ქვეყანა ასევე იყენებს ხელფასების ინდექსაციის სისტემას, რომელიც მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით, ინფლაციის შესაბამისად, ხელფასებს ავტომატურად არეგულირებს.
ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ისლანდიაა, სადაც დასაქმებულის საშუალო წლიური ანაზღაურება 77,000 ევროს აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიაში მუშახელის დაახლოებით 90% პროფკავშირებშია გაწევრიანებული, რაც მოლაპარაკებების ალბათობას ზრდის და მათ, როგორც წესი, ხელფასების გაზრდისა და უკეთესი სამუშაო პირობების მიღებაში ეხმარება.
რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ სკანდინავიური ქვეყნები. შვეიცარიაში, დანიასა და ისლანდიაში წელიწადში საშუალო ანაზღაურება 70,000 ევროს სცდება. გერმანია და საფრანგეთი — ევროპის ორი უდიდესი ეკონომიკა — სიის შუაში იმყოფებიან, სრულ განაკვეთზე საშუალო ხელფასით, შესაბამისად, 53,791 და 43,790 ევროს ოდენობით.
მკვეთრად განსხვავებულ სურათს ვიღებთ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სამხრეთ ევროპის ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, იტალია და პორტუგალია, 30,000 ევროს ნიშნულს უახლოვდებიან, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ძირითადად რეიტინგის ბოლოში არიან წარმოდგენილნი. სრული განაკვეთით დასაქმებულთა ხელფასი ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ბულგარეთშია — 15,387 ევრო. მას უსწრებენ საბერძნეთი (€17,954), უნგრეთი (€18,461), სლოვაკეთი (€20,287) და რუმინეთი (€21,108).
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მაღალი საბაზისო ხელფასები ქვეყნისთვის დადებით ფაქტორად მიიჩნევა, ისინი სრულ სურათს არ წარმოადგეს. გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ხელფასების მქონე ქვეყნებში ხარჯებიც მაღალია, განსაკუთრებით საცხოვრებელზე, ბავშვის მოვლასა და სერვისებზე. ამის საპირისპიროდ, დაბალი ხელფასების მქონე ქვეყნები ხშირად სარგებლობენ იაფი საცხოვრებლით და ყოველდღიური ხარჯებით, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებს შემოსავლებს შორის სხვაობას.
ევროპის 10 ქვეყანა ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ანაზღაურებით:
ქვეყანა | საშუალო წლიური ანაზღაურება სრულ განაკვეთზე, 2024 | |
|---|---|---|
| 1 | ლუქსემბურგი | €82,969 |
| 2 | ისლანდია | €77,189 |
| 3 | შვეიცარია | €75,062 |
| 4 | დანია | €71,565 |
| 5 | ნორვეგია | €64,029 |
| 6 | ირლანდია | €61,051 |
| 7 | ბელგია | €59,632 |
| 8 | ავსტრია | €58,600 |
| 9 | ნიდერლანდები | €58,248 |
| 10 | გერმანია | €53,791 |














