ფოტო: AP Photo
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკურ და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობებს აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯეი დი ვენსი ჯერ სომხეთში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, შემდეგ კი ბაქოში გაემგზავრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესახვედრად. აღნიშნული ტურნე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის შემადგენელი ნაწილია. მოგეხსენებათ, ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი დონალდ ტრამპის ინიციატივით მოაწერა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო და ვაშინგტონი ხელოვნური ინტელექტის სფეროსა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადიან. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტულ საქმიანობაში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიული წყლების დასაცავად უცნობი რაოდენობის ხომალდებს გაუგზავნის.
ცნობისათვის, ჯეი დი ვენსმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სომხეთში აშშ-ის დახმარებით ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სომხეთის მიზანს რუსულ და ირანულ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს.
სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება დონალდ ტრამპის ინიაციტივით გაფორმებული შეთანხმების, TRIPP-ის პროგრესზეც გაამახვილა. აღნიშნული შეთანხმებით, სომხეთმა აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის რეგიონთან, ნახიჩევანთან, შემდეგ კი თურქეთთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცა.















